“არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული…სინდისი როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ”- მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს პასუხობს

სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ხმაურიან განცხადებებს, მეუფე პეტრე პასუხობს და სპირიდონს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს, ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენ მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია, გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ,“ – აცხადებს მეუფე პეტრე და ე.წ. ციანიდის საქმეზე საურისას ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე „უსამართლობის და უზნეობის“ მსხვერპლია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი პატრიარქთან დაპირისპირებას არ გულისხმობს და სწორედ მეუფე სპირიდონის თანამოაზრეები „მიდიან ილია მეორეს დისკრედიტაციამდე“.

„ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად, თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენი ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად,“ – ამბობს მეუფე პეტრე.

ბრალდებებით გაჯერებული ქადაგების გამო მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონის საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს ჩატარებას ითხოვს.

„თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს, ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობის, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ, თითქოს, სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება, რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს, ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი!

კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად, ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება, კათედრა უნდა დატოვოთ (კართაგენის 100 კან.) ასევე ვითხოვ, ექვსი თვის ვადაში თქვენი ქმედებების განხილვა წარმოებაში მიიღონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა (იხ. კართაგენის 121 კან.) ერში შფოთის, დავისა და გაუგებრობის ასაცილებლად.)),“ – აღნიშნულია მეუფე პეტრეს წერილობით განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიღამის კლუბებთან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს რვა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს