არ შეიძლება, ყოველდღიურად გრძელდებოდეს ფიქრი იმის შესახებ, პარტიაში ერთმა ჯგუფმა კონკრეტული პოზიციები როგორ გააძლიეროს – დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტიის წევრებს შორის პოზიციების დაახლოება მოხდეს. მისივე თქმით, არ შეიძლება, ყოველდღიურად გრძელდებოდეს ფიქრი იმის შესახებ, პარტიაში ერთმა ჯგუფმა კონკრეტული პოზიციები როგორ გააძლიეროს.

„დღეს პარტიაში ზოგიერთს როგორც არ უნდა უნდოდეს და როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს, ოღონდ ეგოისტურად კომფორტულად, პარტიიდან არავინ არსად მიდის. ჯერ ერთი, არავის საკუთრება არ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია პარტიაში. იმას კიარ უყურებენ, რომ საერთო საქმე ფუჭდება, უბრალოდ, საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ და კომფორტულად იქნებიან, ბაჩო დოლიძე და კიდევ სხვა თუ არ იქნება. ეს მათთვის ნომერ პირველი ამოცანაა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად პოზიციების დაშორიშორებისა, იფიქრონ დაახლოებაზე. ჯერჯერობით კონსულტაციები არ ყოფილა, მაგრამ დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში იქნება. ვგეგმავთ იმ წინადადების წარდგენას, რამაც არა მარტო უნდა განმუხტოს სიტუაცია, არამედ მხარეები დააახლოოს. არ შეიძლება, ყოველდღიურად გრძელდებოდეს ფიქრი, პარტიაში ერთმა ჯგუფმა კონკრეტული პოზიციები როგორ გააძლიეროს. არ მგონია, ზოგადად, ეს მთავარი ამოცანა იყოს. ამისთვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ვინმემ არ გაიგოს, რომ ეჭვი შეგვაქვს თავმჯდომარის დამტკიცების საკითხში, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩატარებული ყრილობა, პოლიტსაბჭოსთან მიმართებით, იყო პოლიტსაბჭოს მითვისების კონკრეტული ოპერაცია, ეს გადაწყვეტილება უნდა ანულირდეს. ძველ პოლიტსაბჭოს უნდა აღუდგეს სტატუსკვო. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები ჩვენს მოსაზრებას ადეკვატურად მიიღებენ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახლა ახალი არჩევნების დანიშვნის დრო არ არის.

„ზოგადად, ახალ არჩევნებზე საუბარი დიდი შეცდომა მგონია, რადგან თუ რამის დრო არ არის, სწორედ არჩევნების დრო არ არის, მაგრამ როდესაც იქნება არჩევნები, ძალიან მკაფიო პოზიცია არსებობს, არ შეიძლება, პოლიტსაბჭოს ნაწილი იყოს არჩეული, ნაწილი დანიშვნით. ყველა წევრი უნდა იყოს არჩევითი. ჩვენს მეგობრებთან კომუნიკაცია გამიხარდება. დიდი ალბათობით, საქმიანი კომუნიკაცია შედგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენს წინადადებას, რომელიც საჯაროდ გავაჟღერეთ, ოფიციალურ სახესაც მივცემთ, რახან ასე მოითხოვეს. ლევანის ბრიფინგს ვუსმინე – წერილობით მოგვმართეთო. თუ წერილებია საჭირო, კი ბატონო, წერილსაც დავუწერთ ალბათ. ამ თვალსაზრისით კომუნიკაცია აუცილებლად იქნება. რამდენიმე დღეში ამ ყველაფერს მოვამზადებთ და რახან ასე ითხოვენ, ჩვენი შეხედულებები რაიმე ფორმით ეცნობებათ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის ბრალდებების გამო გადადგა
შემდეგი სტატიაპრობლემები რომ არ ყოფილიყო, „ქართულ ოცნენას“ ასეთი რაღაცების გაკეთება არ მოუწევდა და პირიქით, ხელს შეუწყობდა საგამოძიებო კომისიას, რათა ყველას დაენახა, რომ კარგი სასამართლო გვაქვს – რაქვიაშვილი