“არ გვჭირდება ჩვენ მონტეკარლოები, იტალიები, საფრანგეთები და ნორვეგიები”

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე რუსულ მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთიდან გაზის სანაცვლოდ, თანხის მიღება, არა რუსეთის, არამედ ქართული მხარის მოთხოვნაა.

გიგლა ბარამიძის განმარტებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები გამოსაყოფია და პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.

„გაზპრომის“ საკითხში 2 ძირითადი მიმართულებაა გამოსაყოფი. ერთია ტექნიკურ-ეკომომიკური საკითხი და რახან „გაზპრომია“ და რახან იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ანექსირებული დროებით, პოლიტიკური საკითხი გამოსაყოფია. ერთი მეორეს არ უნდა უშლიდეს ხელს, მაგრამ განსაკუთრებული გამჭვირვალობაა საჭირო. რა გახდა ასეთი, რატომ ხდება ეს შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმებები საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნეიტრალურ მოედანზე, რა ომს ვაწარმოებთ ერთმანეთთან, თუ რა? იყოს თბილისში, ან თუნდაც რუსეთის დედაქალაქში. არ არის საჭირო მესამე და მეოთხე ქვეყენები“, – აღნიშნა ბარამიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის განცხადებით, რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ გატარებული გაზის სანაცვლოდ თანხის ანაზღაურებას, არა რუსეთი, არამედ საქართველო ითხოვს.

„კიდევ ერთია საინტერესო, ეს ჯერ მედიაში არ თქმულა. როდესაც საუბარი იყო, რომ თურმე რუსეთის მხარის მოთხოვნაა ფინანსების სახით მიეღოთ ის დანამატი, სინამდვილეში, არ ვიცი ეს როგორაა, მაგრამ რუსულ მედიაში წერია პირიქით, რომ საქართველოს ინიციატივაა არა ნედლეულით გადახდა, არამედ ჩვენ გვჭირდება თანხები იმ 10 პროცენტის. ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება და საერთოდ, გაზი აუცილებელია, რაც უფრო მეტი წყარო იქნება, მაგრამ უნდა იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და არ გვჭირდება ჩვენ მონტეკარლოები, იტალიები, საფრანგეთები და ნორვეგიები. კალაძეს შეუძლია ეს შეხვედრები საქართველოშიც ჩაატაროს, თქვენს თვალწინ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს
შემდეგი სტატია„ეს იყო ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც არცერთ პარტიას არ ლობირებს“