აპუაშვილი: დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა

„დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება.

„3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2,669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება. 3600 გვერდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგენა, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა, მათ შორის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. მინდა მათ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის.

ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით.

რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლების შედეგების და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილის-მოსურნეთა შესაძლებლობები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო.კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშისტარტაპერის გათამაშება იწყება
შემდეგი სტატიათალაკვაძე – სინამდვილეში გვარამია არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერია