აფხაზეთში დაფიქსირდა დამსვენებელთა რიცხვის მკვეთრი ვარდნა

აფხაზეთის კურორტები ტურისტთა ნაკლებობას უჩივიან. ადგილობრივმა ტურ-ოპერატორებმა და თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტარებმა ამასთან დაკავშირებით ერთობლივი საგანგებო სხდომა გამართეს.
ტურისტული სააგენტო «Апсуа-тур»-ის ხელმძღვანელის ელისაბედ მალანიას თქმით, ამა წლის მაისში ერთი ტურიც კი არ გამართულა, ხოლო ივნისის დასაწყისში აფხაზეთს მხოლოდ 70 ადამიანი ესტუმრა.
კომპანია «Дильбер Тур»-ის დირექტორმა თემურ შაპკოვსკიმ აღნიშნა, რომ თუ შარშან ამ დროს დღეში ორ-სამ ექსკურსიას აწყობდნენ, წელს კვირაში ერთი გასვლა ძლივს ხერხდება.
«Alex Beach Hotel»-ის დირექტორის ვიაჩესლავ ჩენიშოვის თქმით, გაგრაში სასტუმროების დატვირთვა 100 %-ით დავარდა. „თუ შარშან ჩვენს სასტუმროში ამ დროს 130 ტურისტი იყო განთავსებული, წელს მათი რიცხვი 50-დე დაეცა“, – აღნიშნა მან.
აფხაზეთის ტუროპერატორები ნეგატიურად აფასებენ ადგილობრივ სამიგრაციო კანონმდებლობას, რომელიც ბარიერებს უქმნის სასტუმროებს ზაფხულის სეზონზე სამუშაოდ აიყვანონ უცხოეთის მოქალაქეები. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთს არ ჰყოფნის სასტუმროს მომსახურე პერსონალი, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დაქირავება ახალი კანონმდებლობის თანახმად ძვირი სიამოვნებაა.

აფხაზეთის სასტუმროთა გილდიის პრეზიდენტმა იგორ ჟიგუნმა გააკრიტიკა აფხზეთის სამიგრაციო სამსახური და ბრალი დასდო მას ფულის გამოძალვაში. „დღეს ჩვენი საქმიანობა არარენტაბელური ხდება, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში საინვესტიციო კლიმატი ბევრად გაუარესდა“,- აღნიშნა მან.
ჟიგუნის განცხადებით, მინი-სასტუმროთა 99% არ იხდის გადასახადს. გარდა ამისა, მოუწყობელია საკანალიზაციო სისტემა, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. სწორედ ამიტომაა აფხაზეთში გავრცელებული ტურისტებს შორის ინფექციური დაავადებები.
სასტუმრო «Интер-Сухум» -ის დირექტორის ლევ პავლოვის თქმით, დღეს აფხაზეთში ყველა ცდილობს ტურისტის მოტყუებას, იქნება ეს სასტუმროს მეპატრონე, ტაქსის მძღოლი თუ ბაზრის გამყიდველი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ათათურქის პარტიასთან ღია ომი დაიწყო