ერდოღანმა ათათურქის პარტიასთან ღია ომი დაიწყო

2015 წლის 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო ამბოხებიდან მოყოლებული –  დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებად შერაცხული დაჯგუფებების წევრობის ბრალდებით, ლამის ნახევარი თურქეთი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის დიდი რაოდენობით არიან სამხედროები, პოლიციელები, ჟანდარმები, პროკურორები, მოსამართლეები,  პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები და თქვენ წარმოიდგინეთ ექიმებიც კი. ერთი კვირის უკან, ფეტულაჰ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით დაპატიმრებული ცნობილი ექიმის – ეკრემ იეთერის სიმამრი, თავად პრეზიდენტ ერდოღანის ძველი თანამებრძოლი, ყოფილი მოადგილე (ვიცე-პრემიერი) და თურქეთის რესპუბლიკის პარლმანეტის ყოფილი თავმჯდომარ ბულენტ არინჩი გახლავთ, რომელიც ბოლო ერთი წელია ერდოღანისადმი კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებს. როგორც ოპოზიციური თურქული მედია აცხადებს, სწორედ არინჩის განცხადებები გახდა მისი სიძის დაპატიმრების მიზეზი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ერდოღანის ხელისუფლებამ ოპოზიციული პროქურთული ,,ხალხთა დემორკატიული პარტიის,, (,,HDP,, Halkların Demokratik Partisi) მთელი ხელმძღვანელი ორგანო, თავისი ორი თანათავმჯდომარით, ტერორიზმისათვის ხელშეწყობის ბრალდებით ციხეში ჩასვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ HDP ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მესამე ადგილზე გავიდა და ახლა მისი საპარლამენტო წარმომადგენლობის დიდი ნაწილი, თავმჯდომარეებთან ერთად – ციხეში ზის.

თურქეთში არსებული დაძაბული და მძიმე პოლიტიკური რეალობა, რომელიც  ამბოხების შემდეგ შეიქმნა დაპატიმრებებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, საბაბი გახდა ამ ქვეყანასთან  ევროკავშირის ურთიერთობის დაძაბვისა და ამჟამად ეს ურთიერთობები თითქმის გაწყვეტილია. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, თურქეთის მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტია,, (,,CHP,, Cumhuriyet Halk Partisi), რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიის მედროშედ მიიჩნევა, დღემდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს, არ შედიოდა აშკარა კონფრონტაციაში მასთან და გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში – ხელისუფლების სოლიდარულიც კი იყო. ასე იყო დღემდე… რადგან დღეს უკვე ერდოღანის ხელისუფლებამ CHP-ზე  (Cumhuriyet Halk Partisi), ანუ ათათურქის პრინციპებზე სეროზული შეტევა განახორციელა, რასაც თურქეთში – ერდოღანის წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა და ახალი ფრონტის გახსნა უცილობლად მოჰყვება.

სიტუაციაში უფრო მეტი სიცხადის შესატანად ავხსნათ, რომ CHP თურქეთის უძველესი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც თურეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1923 წელს თავდა დააფუძნა და გარდაცვალებამდე (1938წ.) თვითონ ხელმძღვანელობდა ამ პარტიას. CHP –  27 წლის მანძილზე – 1950 წლამდე უცვლელად იყო თურქეთის მმართველი პარტია. 1950 წლის შემდეგ, ოპოზიციაში გადასული CHP, რომელმაც სახელისუფლო პარტიის ფუნქცია ბულენტ ეჯევიტის ლიდერობით  70-ან წლებში ორჯერ ისევ დაიბრუნა, ყოველთვის ითვლებოდა  ათათურქის პრინციპების დამცველ მთავარ და ანგარიშგასაწევ ძალად თურქეთში. მას ანგარიშს უწევდა თურქეთის მრისხანე გენერალიტეტიც, რომელთაც გასულ საუკუნეში, არადემოკრატიულობისა და პროისლამური განწყობების გამო, არაერთი არჩეული მმართველი პოლიტიკური ძალა გადაუყენებია და გაუუქმებია თურქეთში, მათ შორის პოლიტიკური ისლამის ფუძემდებლის ნეჯმეთინ ერბაქანის ,,კეთილდღეობის პარტიაც,, (,,FP,, Fazilet Partisi)  რომლის წევრობისა და ეროვნებათშორისო შუღლის გაღვივების ბრალდებით, სტამბულის მერი – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 1997 წელს ციხეში 4 თვით გამოკეტეს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში ტაიპ ერდოღანისა და მისი ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიის,, (,,AKP,,Adalet ve Kalkınma Partisi) მოსვლის დღიდან – დღემდე, თურქეთში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში, ათათურქის მიერ შექმნილი CHP ყოველთვის მთავარი კონკურენტი იყო ერდოღანის პარტიისა და მუდმივად მეორე პოზიციაზე გადიოდა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება CHP-ს მთავარ ოპოზიციურ ძალად და ერდოღანის ხელისუფლების ალტერნატივად განიხილავს დღემდე. მიუხედავად ამისა, ადრე ამ ორი პარტიის დაპირისპირება, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს დიდად არ გასცილებია, თუ არ გავიხსენებთ 2010 წელს მომხდარ ერთ ფაქტს, როდესაც თურქეთში CHP-ს ყოფილი თავმჯდომარის დენიზ ბაიკალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გავრცელდა (ბაიკალი ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო პიკანტურ სიტუაციაში გადაღებული), რასაც ოპოზიციური პარტიის წევრები ერდოღანის ხელისუფლების ,,ნახელავად,, მიიჩნევდნენ. ბაიკალი ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ თავად გადადგა, თუმცა ის დღემდე თურქეთის პარლამენტის წევრია და დღემდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არამარტო თავის პარტიაში, არამედ ევროსტრუქტურებშიც. ეს, არის ის, რაც  ამ ორი პარტიის წარსულსა  და მათ განვლილ ურთიერთობას შეეხებოდა…  ახლა კი დღევანდელ დღეზე, რომელიც ალბათ თურქეთის ისტორიაში იმის გამო ჩაიწერება, რომ ამ დღეს ერდოღანის ხელისუფლებამ,  ათათურქის მიერ შექმნილი პარტიის ერთ-ერთი  ლიდერი და თურქეთის პარლამენტის (დიდი მეჯლისის) დეპუტატი – ენის ბერბეროღლუ, საეჭვო ბრალდებითა და 25 წლიანი პატიმრობის მუხლით ციხეში – გაისტუმრა, რითაც სფუძველი დაუდო დიდ პოლიტიკურ ომს, ამ ორ ძალას შორის. ენის ბერბეროღლუს დაპატიმრება, 2014 წლის სკანდალურ საქმეს უკავშირდება, რომელიც ქალაქ ადანაში მოხდა  და რომლის დროსაც თავად თურქულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ერდოღანის ხელისუფლება სირიაში ამბოხებული თურქმენებისადმი იარაღის მიწოდებაში ამხილეს. საქმე ეხება თურქეთის ეროვნული სადაზვერვო უწყების (MIT) მიერ, სირიაში თურქეთის მოკავშირე ამბოხებულების, თურქმენული ეთნიკური შეიარაღებული ჯგუფებისათვის, თურქმენდაღის რეგიონში საიდუმლოდ გაგზავნილ იარაღს, რომელსაც თურქეთი, მალულად, როგორც ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიდა. თურქეთის მხრიდან მონათესავე თურქმენებისათვის იარაღის მიწოდების შესახებ, იმჟამად ინფორმაცია თურქულ მედიაში მუსირებდა და ამაზე, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სირიის კონფლიქტში ჩარეული სახელმწიფოებიც ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს… ერდოღანი და მისი ხელისუფლება კი – კატეგორიულად უარყოფდა იარაღის მიწოდების ფაქტს და მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთებზე საუბრობდა… თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ჰუმანიტარულ ტვირთად მასკირებული, თურქული იარაღით დატვირთული სატვირთოების კოლონა, ადანაში, საზღვრის გადასვლამდე ადგილობრივმა პროკურატურამ, ჟანდარმერიასა და თურქ სამხედროებთან ერთად, გააჩერად და გაჩხრიკა. ჩხრეკის შედეგად სატვირთოებში დიდძალი საბრძოლო მასალა აღმოჩნდა.

 ჩხრეკის დროს იქვე იყვნენ ადგილობრივი თურქი ჟურნალისტები და გაზეთმა ,,ჯუმჰურიეთიმ,, პირველმა ამცნო ქვეყანას, კონფლიქტურ რეგიონში იარაღის მალულად გატანის შესახებ. ცოტა ხანში კი – ამთემაზე გამოძიება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბრალდებით რეპრესიები დაიწყო. ერდოღანის ხელისუფლებამ ადანაში სატვირთოების გაჩხრეკის გამო, გასულ წლებში დააპატიმრა 17 სამხედრო ჩინოსანი, ადანას ჟანდარმერიის უფროსი და ოლქის 4 პროკურორი. საქმეში, საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციის გათქმაში ეჭვმიტანილად ფიგურირებდა სტამბულელი ოპოზიციონერი დეპუტატი და იმავე დროს ჟურნალისტი – ენის ბერბეროღლუც, თუმცა მის დაპატიმრებას არავინ ელოდა. 14 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მას 25 წელი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზშივე დააპატიმრეს, რასაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.   ბერბეროღლუს დაპატიმრებისა და მისი 25 წლიანი სასჯელის შესახებ, თანაპარტიელმა დეპუტატებმა პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე გაიგეს, რასაც პროტესტის ნიშნად მთელი შემადგენლობის მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა. მკაცრი და ერდოღანისადმი შერაცხმყოფელი იყო ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერთა შეფასებები და ერთობლივი განცხადებები, სადაც ერდოღანის მიმართ სიტყვები ,,ფაშისტი,, და ,,დიქტატორი,, გამოიყენეს და მას საერთაშორისო ტრიბუნალზე სამხედო დამნაშავის რანგში გასამართლებით დაემუქრნენ…

,,გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, არის ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების დაშინების მცდელობა. ეს არის დაცინვა ათათურქის ოპოზიციურ პარტიაზე. შესაძლებელია, ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ ყველაზე ფაშისტური პარტიასთან, თუმცა ჩვენ გავუმართავთ დაუნდობელ ბრძოლას ამ ფაშიზმს და ჩვენს შესანიშნავ ქვეყანას, სულ მარტოც რომ დავრჩეთ, ფაშიზმის სათბურად არ მივცემთ. ერდოღანს, როგორც სამხედრო დამნაშავეს, საერთაშორისო სასამართლო ელის და მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხალხი და ჩვენი პარტია, მას თავის ნამოქმედარს არ აპატიებს. ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლაც რომ დაგვჭირდეს, თავს არ დავანებეთ მას ,,  ნათქვამია ,,სახალხო-რესპუბლიკური პარტიის,, (CHP) ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში. პარტიის თავმჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი – დედაქალაქის მოსახლეობას ხვალვე ქუჩაში გამოსვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მიტინგი, 15 ივნისს ანკარის დროით დილის 11 საათზე დანიშნული. 

თურქულ მედიაში ამ თემაზე გავრცელებული ინფორმაციები, აშკარა სიგნალს იძლევა იმისა, რომ გიულენის მომხრეებისა და და ქურთების მუშათა პარტიის პარალელურად, ეროღანი კიდევ ერთ ოპერაციას იწყებს… ამჯერად ქემალისტების წინააღმდეგ. ძნელი სათქმელია, თუ რისთვის სჭირდება თურქეთის ლიდერს, რომელსაც მტრები არც შინ აკლია და არც გარეთ, კიდევ ერთი მტერი… მაგრამ აშკარაა, რომ აქტივში კიდევ ერთი მტრულად განწყობილი ძლიერი ორგანიზაცი ჩაიწერა. არაა გამორიცხული, რომ ერდოღანს, რომელიც ათათურქს და მის იდეებს ბოლო დროს ძალიან იშვიათად ახსენებს, თავისი ქვეყნის ათათურქის იდეოლოგიიდან ჩამოცილებაც ჰქონდეს გამიზნული. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელსაც მართვის არც თუ დემოკრატიული, მაგრამ ორიგინალური ხელწერა აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ათათურქის იდეები, რომელიც ძლიერ, უნიტარულ და დემოკრატიულ რესპუბლიკას ემყარება – თავისი, უფრო სრულყოფლი იდეებით ჩაანაცვლოს. ათათურქის იდეოლოგიის მარცხმა კი -თურქეთი შეიძლება დაშლამდე მიიყვანოს, რაც ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება როგორც მისი მეზობელი ქვეყნების, ასევე მთელი ახლო აღმოსავლეთისათვის, რომელიც დღეს ისედაც ცეცხლის ალშია გახვეული.

 

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში დაფიქსირდა დამსვენებელთა რიცხვის მკვეთრი ვარდნა
შემდეგი სტატიარა კანონპროექტს სთავაზობს კახა მიქაია პარლამენტს