აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით აფხაზეთის საზოგადოებასთან შეხვედრა შედგა (+video)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზეთის საზოგადოებასთან – დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან წინასაახალწლო შეხვედრა შედგა. სკოლის პედაგოგებს სიგელები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიების ფორმატით აჭარის სოფელ ფერიის აფხაზური საჯარო სკოლის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „სოხუმში აყვავდა აგავა“ პრეზენტაცია გაიმართა. დასის ჩამოყვანა ზუგდიდში უზრუნველყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.

ზუგდიდსა და ზუგდიდის რეგიონში განსახლებულ სხვადასხვა თაობის დევნილებს, მოწვეულ სტუმრებს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წევრები.

შეხვედრის დასასრულს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დევნილი სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს.

აფხაზეთის ხელისუფლების წევრები ასევე შეხვედნენ ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში განსახლებულ დევნილებს, აგრეთვე ენგურსგაღმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თანამემამულეებს.

https://www.youtube.com/watch?v=WL2lprvhpTo&feature=youtu.be&fbclid=IwAR2gbn4upo-Yq3hAy4hlP0ed6haww0AwHs__SjfLIvRAj3IhubN5M8wLv7M

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი ჭაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი-დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით