ანდრია ბასილაია: „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვა მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის

gulis eleqsiri

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად განაგრძოს და ამის პრობლემა არც წარსულში ყოფილა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აქციის მონაწილეების მიერ დასახელებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან უკვე გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული.

„ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი მოულოდნელი გაფიცვა, იმიტომ, რომ ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან გამოითქვა, ან უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები ან დაწყებული გვაქვს სხვადასხვა ღონისძიების გატარება. რა თქმა უნდა, პირველი მოთხოვნა არის ხელფასთან დაკავშირებით. 2020 წლის დეკემბერში ამ თანამშრომლებს ხელფასი, დაახლოებით, 20%-ით გაეზარდათ. დღესაც და წინა დღეებშიც არაერთხელ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მეორე მოთხოვნას, მერის მოადგილე აცხადებს, რომ სპეცტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

„ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თვალი დიდი ხანია გავუსწორეთ. ის, რომ „თბილსერვისის“ ტექნიკა ცუდ მდგომარეობაშია, არაერთხელ ვისაუბრეთ. კახა კალაძის მერობის პერიოდში, ამ მიმართლებით, ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაახლოებით, 25 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შევიძინეთ. ასევე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მივაღწიეთ შეთანხმებას, უკვე ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, გამოცხადებულია ტენდერი და აგვისტოს ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ეს არის საერთაშორისო ტენდერი. სექტემბრში უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და ექვს-შვიდ თვეში, დედაქალაქში 75 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შემოვა, რაც მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ჩანაცვლებას სრულად უზრუნველყოფს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა მიმართულებას, ამ საკითხსაც საფუძვლიანად ვუდგებით. ხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა ავტობუსი ჩანაცვლებულია, ანალოგიური მიდგომა გვექნება აქაც და ამ ტექნიკასაც ჩავანაცვლებთ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, აქციის მონაწილეთა მესამე მოთხოვნა ეკიპირებას უკავშირდებოდა, რომლის შესყიდვაც სატენდერო პირობების გამო გაჭიანურდა.

„მესამე პუნქტი ეკიპირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხებოდა. ეკიპირების შეძენას ყოველ წელს ვახორციელებთ. 2017 წლიდან დღემდე, ხუთ მილიონზე მეტი დაიხარჯა სპეციალური ეკიპირების შესაძენად. წელს სამწუხაროდ, აპრილში გამოცხადებული ტენდერი გასაჩივრდა, შეფერხდა პროცედურები, თუმცა, უკვე ბოლოში ვართ გასული და 10 სექტემბრამდე ეკიპირების მოწოდება მოხდება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

წინა სტატიაშინიკა გვარამია – სუს-ში გამოკითხვა ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, მეტის გამხელა არ შემიძლია
შემდეგი სტატიაანდრია ბასილაია: თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი