ანა ნაცვლიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა

პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია თავს ძალიან მხნედ და მშვიდად გრძნობს.

„ჩემი მიზანი იყო, რომ მენახა როგორ არის, როგორ პირობებში და რაიმე პრობლემა ხომ არ არსებობს ამ მიმართულებით. მინდოდა აქ მოსვლით კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა „მთავარი არხის“ და კრიტიკული მედიის მიმართ საქართველოში, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მორიგ ჯერზე თავდასხმის ობიექტია. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს, რის გამოც არის შეწუხებული ყველა ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

პოლიტიზებული საქმეები, განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის წინააღმდეგ აკეთებენ, თავდასხმა დასავლურ ინსტიტუციებზე და მათ წარმომადგენლებზე, ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი განაცხადია, რომ სინამდვილეში მას არ სურს საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ეს ძალიან დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის.

ნიკა თავს ძალიან მხნედ და მშვიდად გრძნობს. ყველანი ვხვდებით, რომ აქ არ არის საუბარი ერთი, ორი ან სამი ადამიანის ციხეში ყოფნაზე, ძალიან კრიტიკული საკითხები არის დღის წესრიგში და ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც უნდა დასრულდეს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გამართული მართლმსაჯულება უნდა შეიქმნას, როდესაც არავის დარჩეს კითხვის ნიშანი, არავის დარჩეს უსამართლობის განცდა და იმის შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება იმიტომ კი არ განხორციელდა, რომ ამას სამართალი მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური პატიმრობა. საქართველო მყარად უნდა დადგეს ფეხზე და გაიმართოს, როგორც დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ამას ვერ მივაღწევთ, 30 წელი წრეზე ვტრიალებთ და კიდევ გავაგრძელებთ ამ წრეზე ტრიალს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში – ან ძალიან დაკავებულია, ან თავისი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა – უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე