ანა დოლიძე-გადადგეს განათლების მინისტრი

„ხელისუფლება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით კონსპირაციულ გეგმას ამზადებს. ზუმის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც ერთხელაც არ შეუხედავს საკლასო ოთახებში, უნდა გადადგეს!“ – ასე გამოეხმაურა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის 24-ე სკოლის შესახებ გავრცელებულ სიუჟეტს.
„ჩვენმა სახელმწიფომ და კონკრეტულად განათლების სამინისტრომ ამდენი ხანია თავი ვერ მოაბა პოლიტიკის შემუშავებას სკოლების გახსნასთან მიმართებაში. აიწონა-დაიწონას პრინციპით დახურეს სკოლები და ახლა, საზოგადოების პროტესტის და მოთხოვნის შედეგად დაგვპირდნენ რომ გახსნიან სასწავლებლებს. თუმცა, არავითარი დამატებითი ინსტრუქცია და ინფორმაცია მშობლებს სკოლების გახსნასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, როცა დასავლეთის ქვეყნებში უამრავი ტიპის ინსტრუქცია და მომზადებაა სკოლებთან მიმართებაში. ჩვენი სამინისტროს მოუმზადებლობა და არაკომპეტენტურობა აშკარაა, მაგრამ დღეს გამოვლინდა განსხვავებული და საშიში ფაქტი. ფაქტობრივად, ის, რაც აქამდე არაერთხელ ითქვა, მზადდება კონსპირაცია მშობლების და ზოგადად საზოგადოების წინააღმდეგ. ეს დადასტურდა 24-ე სკოლასთან დაკავშირებით გასაჯაროებული ინფორმაციით. ერთი სიტყვით, კი დაგვპირდა სახელმწიფო, რომ გახსნის სკოლებს, ტრანსპორტს, რესტორნებს, მაგრამ დღევანდელმა სიუჟეტმა დაადასტურა, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ შემდეგ კონსპირაციულად ყველაფერი სწრაფადვე დაკეტონ“ – ამბობს ანა დოლიძე ფეისბუქ ლაივში.
ამასთან, მოძრაობა ”ხალხისთვის” ლიდერი განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყნის განათლების სისტემა და მომავალი თაობა ზუმის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელში არ უნდა იყოს.
„არაფერი უდგას წინ იმ მოთხოვნას, რომ გადააყენონ განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე უნიათო ხელმძღვანელობა. ნუთუ არ კმარა ჩავარდნა, რასაც ონლაინ სწავლება ჰქვია, არ კმარა პიზას შედეგები, სადაც თითქმის ბოლო ადგილზე ვართ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საშუალო სკოლაში არსებული მდგომარეობით, არ კმარა ჩხოროწყუს ინციდენტი, როცა აღმოჩნდა რომ ჩვენ შვილებს ამზადებენ ვიღაც ფეოდალების დამლაგებლებად. იქნებ ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს, რომ არ შეიძლება ჩვენი შვილების ცხოვრების მართვა ვანდოთ ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ ბავშვებს მორიგი ტრავმა მიაყენონ სკოლის დაკეტვით. ყველანაირი პასუხისმგებლობა ქვეყნის უნიათო მართვაზე აქვს ხელისუფლებას. ის სრულიად მოუმზადებელი შეხვდა როგორც ტრანსპორტის, სკოლების და რესტორნების დაკეტვას, ასევე, ჯერჯერობთ სრულიად მოუმზადებელია მათ გახსნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დადგეს მოთხოვნა, რომ ამ ადამიანების ხელში, ზუმის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელში, არ უნდა იყოს განათლების სისტემა, მითუმეტეს ამ ძალიან რთულ ეპოქაში“ – აცხადებს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ TV-1 -ს ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს, თუ როგორ თათბირობს 24-ე სკოლის დირექტორი მასწავლებლებთან იმის შესახებ, რომ სკოლის გახსნის შემდეგ შექმნის წარმოდგენას, თითქოს სკოლაში კოვიდ აფეთქებაა და შედეგად სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისუიციდის შემთხვევა ხობში
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძეს დეკლარაცის ჩაბარება მოსთხოვეს