ანა არგანაშვილი: „ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ”

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სხვა უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.

მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი კომენტარი განათავსა საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება გააცნო.

ანა არგანაშვილი წერს:

„როგორ ვაფასებთ შსს-ს საკანონმდებლო ცვლილებებს ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულების შესახებ: ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენი ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობოები წლების განმავლობაში ვითხოვდით ამ ცვლილებებს, მაგალითად რეესტრის შექმნას.
მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა კარგი კანონი გვქონდეს, ის ვერ აღსრულდება და დარჩება ფურცელზე, რადგან ბავშვთა ძალადობა ისევ შეატოვეს შსს-ს და სხვა უწყებები არ მუშაობენ მათთან კოორდინირებულად. ეს ცვლილებები ეფექტურად ვერ აღსრულდება :
1. სანამ არ შეიცვლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ექსპერტიზის ჩატარების მეთოდი, ადგილი და მიდგომა ექსპერტიზის ბიუროს მიერ, რომლიც მუდმივად ამბობს, რომ თურმე ბავშვი 8-10 წლის ასაკამდე ისეთი პატარაა, რომ რეალობას ვერ აღიქვამს და ვერ გადმოსცემს. ეს არის ძალიან მოძველებული მიდგომა. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვს კვალიფიციური ექსპერტიზა უტარდება და დასკვნა იდება ფაქტიურად 2-3 წლის ასაკიდან. ბავშვის კომუნიკაცია მარტო ვერბალური მეტყველება არ არის. გვჭირდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
2. სანამ განათლების სამინისტრო არ დანერგავს სექსუალური და რეპროდუქციული განათლების კურსს სკოლაში, სადაც, ბავშვს ასწავლის, რა არის სექსუალური ძალადობა და რა არ უნდა გაუკეთონ უფროსებმა. ბავშვი თუ ვერ მიხვდა რომ მასზე სექსუალურად ძალადობენ, ჩვენ როდის მივხვდებით?
3. სანამ, არ დასრულდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების წვალება 20 პროფესიონალის მიერ 20 უწყებაში სიარულით – სასამართლომდე. არ შეიძლება ბავშვის ხელახალი ტრავმატიზაცია მოხდეს მართლმსაჯულების პროცესში, საჭიროა შეიქმნას Barn house (ბავშვების სახლი) ანუ ცენტრები სადაც მივა თავად პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, ექიმი ფსიქოლოგი და ყველა პროფესიონალი, და ბავშვს დაელაპარაკება მხოლოდ ერთი სპეციალისტი და რომლის საშუალებითაც დაუსვამენ კითხვებს სხვა პროფესიონალები.
4. სანამ არ დაინერგება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალიზებული სარეაბილიტაციო სერვისები, რომლის გარეშეც განცდილი მოვლენა მთელ მის ცხოვრებაზე მძიმე კვალს დატოვებს“.

ანა არგანაშვილი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესი ეფექტიანად რომ წარიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ პროცესში სხვა უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს