სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის აპარატი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად დაწესებულებაში ვიზიტი განხორციელდა.

„შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ პერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება ე.წ. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. მისივე განცხადებით, მიუხედავად „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ, განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.

„იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

„სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება არ მოხდეს.

შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა, მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

banner
წინა სტატიაშიანა არგანაშვილი: „ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ”
შემდეგი სტატიასაქართველოს ეკლესიის გაყოფის საფრთხე – საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს ,,აქილევსის ქუსლი”