ამირან გულუაშვილი – პროკურატურის მიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა

პროკურატურის მიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

პროკურორის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე უპრეცედენტო სამართლებრივი მოვლენაა.

„როდესაც სხდომათა დარბაზში შემოვდიოდი, მოვისმინე ჟურნალისტების არაერთი შეკითხვა, რომ უპრეცედენტო სამართლებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ნამდვილად გვაქვს, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრაქტიკაში პირადად მე არ მქონია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე ამბობდეს, რომ გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძების მიზნების მიღწევას და დაცვის მხარე აკრიტიკებდეს პროკურატურას იმის გამო, რომ რატომ არ მოითხოვეთ პირის დაპატიმრებაო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. ასე რომ ყოფილიყო, ფორმალურად 3 ნოემბერს პროკურატურას შეეძლო პატიმრობა ეშუამდგომლა, ისევე როგორც, 25 დეკემბრის შემდეგ ნებისმიერ დღეს შეეძლო გენერალურ პროკურორს ფორმალურად მოემართა თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე. თუმცა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის კანონმორჩილი 16 თვე ნიკანორ მელიასი, სადაც ის პირნათლად ასრულდება გირაოს გამოყენების პირობებს, მის სასარგებლოდ უნდა შეფასებულიყო და მას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში განეხორციელებინა თავისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები. პროკურატურის მიზანი არასდროს არ ყოფილა ნიკანორ მელიას პატიმრობა და ის ფაქტი, რომ მე დღეს თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინა წინადადება, არის შედეგი ნიკანორ მელიას სურვილისა, უბრალოდ არ გადაიხადოს გირაო“, – განაცხადა გულუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – მზად ვარ, ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად ჩემი ხელფასი გადავურიცხო