ამირან გამყრელიძე ქარდაცვლილი ქალბატონის შესახებ

საქართველოში დღევანდელი რიცხვით გვაქვს ახალი კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევა. ეს არის იმ 2762 შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც საჭიროებდა ღრმა ეპიდკვლევას, კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან დღისთვის გატესტილია დაახლოებით 2912 ნიმუში.

„როგორც მოგახსენეთ, 157 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინდელ დღეს და დღევანდელ დილამდე ცხრა შემთხვევით არის ზრდა. თუ გუშინწინ გვქონდა 18, იმის წინ 15, გუშინ შედარებით ნაკლები, ცხრა შემთხვევით ზრდა იყო. ამავე დროს კარგია, რომ უკვე გვყავს 28 გამოჯანმრთელებული ადამიანი, ვინც არის თვითიზოლაციაში და გაწერილია საავადმყოფოდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ისი თქმით, დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა.

„დღეს დილით ადრე, დადასტურდა პირველი სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალების კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ ქალბატონი 79 წლის, რომელიც შევიდა 31 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით.

აქ ძირითადი დიაგნოზი არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, მწვავე პნევმონია. გართულებები გახლდათ მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე უკმარისობა. ხაზს ვუსვამ თანმხლებ დაავადებებს, რადგან მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე და როგორც წესი, კორონავირუსის ინფექციასთან ერთად გახლავთ გარკვეული თანმხლები დაავადებები. ხაზს ვუსვამ, რომ ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები. კერძოდ, დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მესამე, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მირტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მიეკუთვნება ბოლნისის კლასტერს.

„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახშის კლასტერის სახელით, სადაც გვაქვს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იყვნენ. ასევე შემდეგ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის. ამ შემთვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. ამ კლასტერში გვყავს ხუთი დაინფიცირებული ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი თავისუფლად გადაადგილდებოდა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – აუცილებელია, კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე