ამირან გამყრელიძე – აუცილებელია, კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2020 14:10

ამირან გამყრელიძე – აუცილებელია, კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული.

მისივე განცხადებით, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რასაც ეს დოკუმენტი გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის ებოლას, ან სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტში არის მითითებული და რეკომენდებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.

„საქართველოში ეს არის პირველი გარდაცვალების შემთხვევა და მედიაში არის ინტერესი, თუ რა პროცედურები ტარდება ამ დროს და რას ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები. ჩვენთან არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები დამტკიცებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 25 მარტს, ეს არის ბრძანება 123, რითაც ბევრი რეკომენდაცია არის დამტკიცებული და მათ შორის არის დამტკიცებული ინსპექციის კონტროლის ღონისძიებები „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს, რა ხორციელდება. ეს დოკუმენტია, დეტალურად არ განვიხილავ, დევს ვებგვერდებზე. მოგახსენებთ, რომ ზოგადად, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც ეს დოკუმენტი გულისხმობს, მაგრამ ეს არ გახლავს ისეთი მძიმე, როგორიც არის ებოლას, ან სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტში არის მითითებული და რეკომენდებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.

ამ დოკუმენტს გაცნობილია ყველა კლინიკა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან. ამ დაავადების დროს სიკვდილიანობის პროცენტი უკვე გითხარით, ეს გარკვეულწილად მოსალოდნელია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პაციენტი, რომელიც კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა, შემოსვლის დღიდან საკმაოდ მძიმე და კრიტიკული იყო, ამიტომ ლეტალური შედეგი მოსალოდნელი იყო. როგორც გამყრელიძე ამბობს, აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე, არ უნდა იყოს ტრადიციული მისამძიმრებები, პანაშვიდები და სარიტუალო სუფრები.

„ჩამოგითვლით, ადამიანი „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს გაპატიოსნებული გვამი. გვამისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს და ქვეყანაში არის, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი. შემდეგ ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება, დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ახლობლებს და მათ კარგად უნდა აუხსნან, შემდეგი სარიტუალო პროცედურები და უნდა მიყვნენ ამ სარიტუალო პროცედურებს. სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე და ამას ხაზს ვუსვამ. ამ დროს არ იყოს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები და სასურველი არ არის სარიტუალო სუფრები და ა.შ. ყველა ეს რეკომენდაცია ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს.

ზოგადად, უნდა ავერიდოთ ამ დროს ამ ინფექციით გარდაცვლილთა გაკვეთას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და ამის ჩვენებებია, როდის უნდა იყოს გაკეთებული. აღწერილია, ეს როგორი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც კვეთას აკეთებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2020 14:10

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics