ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების გაწერილი რეგულაციები- კალაძე შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე

შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის, – განაცხადა თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძის თქმით, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწერილი რეგულაციები.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ავხსნა, ზოგადად როგორ ხდება ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. ასე ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, სადაც აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორდა, შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს შენობა.

მეორე – ხაზი მინდა გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზი“ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი – 21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ჩავა