პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხოგანხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში აღარ იქნება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილმა გაიწვია თავისი მონაწილეობის თანხმობა.
„ალეკო ელისაშვილმა უკან გაიწვია თავისი მონაწილეობის თანხმობა და იგი უკვე დღეს, ამ მოცემულობაში აღარ იქნება კომისიის შემადგენლობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მოგვიანებით უყრიან კენჭს.
საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ასეთია:
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
რატი იონათამაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
გივი მიქანაძე – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
სოზარ სუბარი – საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;
ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;
შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსათვის“ წევრი;
ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.