ალეკო ელისაშვილი : ცალი ხელით გეუბნებიან შევრიგდეთ, მეორე ხელით ხელს გიგრეხენ და შენი დაჭერა უნდათ

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

პოლიტიკური რეპრესიები მეტს არაფერს ნიშნავს. ზედიზედ, უცბად, ფრიად და ზედმიწევნით დამოუკიდებელ სასამართლოში, რომ ინიშნება პროცესები, რა თქმა უნდა გასაგებია, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამყარებს დამოკიდებულებას „ქართული ოცნებისადმი“, რომ ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციონერების მიმართ სასამართლო პროცესების განახლებას.

„ცალი ხელით გეუბნებიან, რომ მოდი, შევრიგდეთ, რაღაცაზე მოვილაპარაკოთ, კრიზისიდან გამოსავალი მოვძებნოთ და მეორე ხელით ხელს გიგრეხენ და შენი დაჭერა უნდათ, პირადად ჩემი არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება და რა თქმა უნდა, ძალიან ართულებს ვითარებას და ხელს არ უწყობს, პირიქით, ძალიან უშლის, როგორც მესამე რაუნდს, ისე პოლიტიკურ შეთანხმებას. ვინ მოიფიქრა, ვის თავში მოიხარშა ეს ამბავი, ძალიან რთული სათქმელია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებსი მესამე რაუნდს, ელისაშვილი აცხადებს, რომ მესამე რაუნდი ჩანიშნული არ არის, თუმცა მიდის დისკუსია და ყოველდღიური კომუნიკაცია არის საელჩოებთან.

„საერთო პოზიცია უნდა გვქონდეს, ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს, იმათ თავისი წითელი ხაზები, მაგრამ ამ შუაში რაღაც მოძრაობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიდის. წითელი ხაზების მიღმა არის გარკვეული კონტურები, შემოთავაზებები. ვიცი, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ ვერაფრით ვიტყვი. კონკრეტულ რაღაცებს ვერ ვიტყვი. მოიტანეს რაღაცები, მაგრამ ძალიან არასაკმარისი და ახლა მიდის ოპოზიციაში დისკუსია რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, ამაზე მიდის საკმაოდ ცხარე აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, „ოპოზიციას დათმობის სივრცე ძალიან ცოტა აქვს“.

„რა შეიძლება დავთმოთ? პარტიებს ხომ არ დავხურავთ? თავში ჩაქუჩს ხომ არ ჩავირტყამთ? რა შეიძლება დავთმოთ? დასათმობი აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი. შევალთ პარლამნეტში, ან არ შევალთ პარლამენტში, ეს არის ჩვენი დათმობის მაქსიმალური სივრცე. იმათი დათმობის სივრცე არის უშველებელი და უზარმაზარი, შესაბამისად მათ უნდა გადადგან ნაბიჯები, უბრალოდ ჩვენ ზუსტად, კონკრეტულად, ფოკუსირებულად რა მოვითხოვოთ, რაზე გავაკეთოთ უფრო ძლიერი აქცენტი, ამაზე მიდის დისკუსია, აზრთა გაცვლა- გამოცვლა. ჩვენს საერთო პოზიციას ელოდებიან ელჩები და შემდეგ იქნება შეხვედრა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, მას აქციების ორგანიზება არ სურს.

„პირადად ჩვენ არ გვინდა აქციების ორგანიზება, რადგან მართლა სხვა სამყაროში ხომ არ ვცხოვრობთ, გუშინ 39 ადამიანი გარდაიცვალა კიდევ და ჯოჯოხეთურად ვრცელდება კორონავირუსი. ერთი ვაქცინა შეიძლება გვეღირსოს, თორემ ტიკარაძის და გახარიას შემხედვარე არაფერი კარგი არ შეიძლება. მენეჯმენტს ვერ ვხედავთ ვერანაირს, თვითდინებაზეა ყველაფერი მიშვებული. ამიტომ, ჩვენ მართლა არ გვინდა, ვიყოთ ამ პროცესის ხელშემწყობები და კორონავირუსის გამავრცელებლები. თუმცა, ბოიკოტის რეჟიმში ვართ. გულწრფელ ბოიკოტში მარტო ჩვენ და „გირჩი“ ვართ, რადგან სხვა პარტიები ნახევრად შესულები არიან პარლამენტში. როცა ბოიკოტს აცხადებ და თან ფულს იღებ და ჯიბეში იდებ, ეს მთლად ბოიკოტი არ გამოდის, ნახევრად პარლამენტში ხარ შესული. ეს ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი. თან ბოიკოტს აცხადებ, თან პარლამენტში შედიხარ ცალი ფეხით და მერე ამბობ მეორე ფეხით არ შევალ, მაგრამ მთავარია, რომ ფული მივიღოო, ეს არის გაუგებარი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებს“ დეკლარირებული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

„ხელისუფლება თუ კომპრომისზე არ წავა, ხომ ხედავთ, რომ ჩვენ არა თუ დეკლარირებული ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული, არამედ ფული არ ავიღეთ, ინკასო ადევს ჩვენ ანგარიშს. თუ ამბობ, რომ ბოიკოტი გაქვს, მაშინ არც იმ ფულს არ უნდა მოკიდო ხელი. ხმებს არ ცნობ და იქიდან დაანგარიშებულ ფულს როგორ ცნობ?, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – არ მეგონა, თუ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ამდენ შემთხვევას გაუძლებდა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ