ახრა ავიძბა: აფხაზეთში ყოველდღე ხდება ყაჩაღობა, გაუპატიურება, მკვლელობა, ხოლო ნარკოტიკები ყოველ კუთხეში იყიდება

დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის “გმირი”, უკანონო სამხედრო ფორმირების მეთაური, სოხუმის მკვიდრი ახრა ავიძბა აფხაზური მედიის საშუალებით მიმართვას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისადმი. მიმართვაში იგი გამოხატავს თავის შეშფოთებას აფხაზეთში კრიმინოგენური სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.

აფხაზი ეროვნების ე.წ. მეომრის ეს მიმართვა იმითაა საყურადღებო, რომ მასში ნათლადაა ჩამოყალიბებული ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთი და მისი მოსახლეობა.

“ჩვენთან შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც კილერებს თავისუფლად შეუძლიათ ჩამოსვლა, რათა გვესროლონ ჩვენ…ყოველ კუთხეში იყიდება ნარკოტიკები, ლამის ყოველდღე ადგილი აქვს ყაჩაღობას, გაუპატიურებას, მკვლელობას, პედოფილიას…დღესდღეობით აფხაზეთში ყვავის ნარკობიზნესი, ვიღაცა შეგნებულად გვანადგურებს და ამაზე ფულს აკეთებს…გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ბევრი ახალგაზრდა იღუპება. თუ გაქვს ცოტაოდენი თანხა, ყოველ ადამიანს შეუძლია ნარკოტიკი იყიდოს, ხოლო ვინც მას ერთხელ გასინჯავს, მერე სულ უფრო და უფრო უნდება მისი მოხმარება და, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს კიდევ უფრო მძიმე შედეგი –ისინი სჩადიან ყაჩაღობას და ქურდობას მხოლოდ ერთი მიზნით – ნარკოტიკების საყიდლად იშოვონ ფული.

თითქმის ყოველდღე ავტოავარიაში იღუპებიან ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები. ავტოავარიების მთავარი მიზეზია – არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვა!”, –აღნიშნავს მიმართვაში ახრა ავიძბა.
შემდეგ იგი აღწერს კონკრეტულ შემთხვებს და უმოქმედებაში ბრალს სდებს ზოგადად აფხაზურ მილიციას და კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრს. ავიძბა წერს, რომ მილიციონერები დაუცველნი არიან და ამავე დროს კორუმპირებულნი.
ახრა ავიძბას მიმართვის სრულ ტექსტს აქვეყნებს აფხაზური გამოცემა Apsny Life.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი- ოპოზიცია შეეცადა, შოუ მოეწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ