ადვოკატისთვის გაუგებარია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს რატომ დაუმძიმა სასჯელის ვადა სააპელაციო სასამართლომ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ-ს ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაუმძიმა სასჯელის ვადა სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ სარალიძის ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია.

„სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ასევე დადუნაშვილის ეპიზოდში, რასაც დაცვის მხარე აპელირებდა, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოხდა ერთი გაურკვეველი რამ – გ.ბ.-ს ჰქონდა მისჯილი 10 წელი და 6 თვე, სასამართლომ ახალი განაჩენით მას 11 წელი და 3 თვე მიუსაჯა. გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, იმ ფონზე, როცა სარალიძის ეპიზოდში სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა. ეს არ განუმარტავს სასამართლოს. როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმედია იქ ვნახავთ მსჯელობას”, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა კვლავ მიხეილ კალანდიას ჩვენება.

„კალანდიას ჩვენება არ მიიჩნია ისევ სანდოდ. მისი ჩვენება რომ სანდო ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლო დაამძიმებდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სახეზე გვაქვს დაუდგენელი პირები, რომ კონკრეტული ბრალდებული მოქმედებდა დაუდგენელ პირებთან ერთად”, – განაცხადა გ.ბ.-ს ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვა