შეინ როზენტალი: საქართველოს მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 19, 2020 13:22

შეინ როზენტალი: საქართველოს მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ

„მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და კვლევის საფუძველზე ავლენს შესაბამის კატეგორიებს, რომლებსაც, მათ შორის, ფინანსურად ეხმარება. საპენსიო სისტემის გამოყენებით, 70 წელს ზემოთ ასაკში მყოფი ადამიანები გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. აზიის განვითარების ბანკი და განვითარებაზე ორიენტირებული სხვა საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლებასთან მუშაობენ ამ მექანიზმების გასაძლიერებლად, რათა მოწყვლადი ჯგუფები დაცულნი იყვნენ სამომავლო ეკონომიკური დაღმასვლისას სიღარიბისგან,“- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.

ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო საოცრად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„Covid-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს. ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში ქვეყანას უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება და მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს დაუფასდა გახსნილობისა და ჯეროვანი მმართველობისადმი ნაკისრი მრავალწლიანი ვალდებულება. სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გავრცელების შეკავებაში მიღწეული წარმატება ადრეული ქმედებებისა და ქმედითი აღსრულების დამსახურებაა. საქართველოში პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე დაწესდა სამედიცინო შემოწმება მოგზაურებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების შეზღუდვები. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეარბილა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს,“ – წერს შეინ როზენტალი.

აგრეთვე, ADB-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად.

„საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავების და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად, რაც მოიცავს 100 მლნ აშშ დოლარის სესხს აზიის განვითარების ბანკისგან. ეს ფინანსური რესურსი მთავრობას პანდემიის შეკავების ყოვლისმომცველი პროგრამის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის საარსებო პირობების უზრუნველყოფისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის დაფინანსებაში დაეხმარება,“- წერს შეინ როზენტალი.

ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საკუთარ ბლოგში ეკონომიკის ხელახალი ფორმირების ხელშემწყობ ხუთ გზას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებებით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 19, 2020 13:22

Google სტატისტიკა


6,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics