ადამიანების ცოცხლად დამარხვა, შვილების მშობლების თვალწინ გაუპატიურება – მოსთხოვს თუ არა მსოფლიო პასუხს რუს ოკუპანტებს აფხაზეთში ჩადენილ სადიზმზე

პუტინის ჯოჯოხეთის მანქანა არ ჩერდება და უკრაინის ქალაქების მიწასთან გასწორებას ცდილობს. ისე, კრემლის დიქტატორს, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ წარმოედგინა, რომ უკრაინელები ასეთ მედგარ წინააღდეგობას გაუწევდნენ, მაგრამ უკრაინამ პლანეტას პატრიოტიზმისა და სამშობლოს დაცვის ქრესტომათიული მაგალითი მისცა – ყველა, დიდი თუ პატარა, მტერს წინააღმდეგობას ისე უწევს, როგორც შეუძლია.

სხვათა შორის, ოკუპანტებს წიანააღმდეგობას ჩვენც ვუწევდით და სწორედ ამიტომაც, რუსებმა ის სადიზმი, რასაც ახლა უკრიანაში ჩადიან, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, აფხაზეთში გამოავლინეს. ადამიანების ცოცხლად დამარხვა, სადისტური წამება, შვილების მშობლების თვალწინ გაუპატიურება – ამ და სხვა ვანდალიზმზე, რომელიც აფხაზეთში მრავლად ხდებოდა, მაშინდელმა მსოფლიომ თვალი დახუჭა. სამაგიეროდ, ცივილური სამყარო კრემლის ბოროტებაზე დღეს აქტიურად საუბრობს, ანუ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ იგივე დასავლეთი 30 წლის წინანდელ შეცდომას ახლა ასწორებს.

შეცდომის გამოსწორება ყოველთვის კარგია, მაგრამ ვინ აგებს პასუხს აფხაზეთის გენოციდზე? – ამ კითხვაზე პასუხი, 30 წელია, არ არსებობს.

იგივე ჰააგის სასამართლოც მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომზე ამახვილებს ყურადღებას. არადა, აფხაზეთში თავის დროზე არანაკლები ტრაგედია მოხდა, თუმცა ჰააგას ან სხვა საერთაშორისო ორგანიზავიებს რ აუნდა მოვთხოვოთ, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებაში სამ ათეულ წელზე მეტია, აფხაზეთის ომის საქმე თაროზეა შემოდებული, ანუ თავის დროზე გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ… როგორც ხდება ხოლმე, საქმე ბოლომდე არც ამჯერად მისულა.

რატომ? – ეს კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვააა.

ისე, როგორც ირკვევა, რუსეთს აფხაზეთში ომი სპონტანურად არ დაუწყვია და ყველაფერი გაცილენბით ადრე, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიგეგმა. ამას მოწმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ავთანდილ საყვარელიძის მოგონება, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა.

„1978 წელს აფხაზეთის დიდი ნაწილი აფხაზი მოსახლეობის საკმაოდ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოთხოვნათა მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლიანი იყო. უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, პირადად ედუარდ შევარდნაძემ არსებულ პრობლემებზე სწრაფი, ეფექტური რეაგირება მოახდინეს. მეტიც, მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისათვის საკავშირო კომპარტიის ცკ-ისა და მთავრობის სპეციალური დადგენილების მიღების თაობაზე.

…იმ პერიოდში მოსკოვიდან ხანგრძლივი მივლინებით ჩამოვიდა პარტიული მაღალჩინოსანი, ვინმე ბროვიკოვი, რომელმაც მეტად ნეგატიური როლი შეასრულა მოვლენათა განვითარებაში. ის იქცეოდა მეფისნაცვალივით, ამწვავებდა ანტაგონიზმს, ერთს ლაპარაკობდა, მეორეს აკეთებდა. მერე, დავრწმუნდი, რომ მის უკან გაცილებით უფრო გავლენიანი ფიგურები იდგნენ. ერთხელ, ძალიან ცხარე კამათის დროს, თავი ვერ შევიკავე:

– შენთვის აფხაზი იგივეა, რაც – ჩუკჩა და იაკუტი, ჩემთვის კი, აფხაზები ძმები არიან და მათ ვიცავ, სხვათა შორის, შენისთანებისგანაც!

მაშინ სიტუაცია შედარებით მშვიდად, უსისხლოდ განიმუხტა, მაგრამ დარჩა არაერთი შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელთა ამუშავებას ქართველთა და აფხაზთა შეცდომებმა, ბროვიკოვისნაირი ადამიანების ძალისხმევამ შეუწყო ხელი,“ – ვკითხულობთ საყვარელიძის მოგონებაში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კრემლი აფხაზეთში ნაღმს წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დებდა.

„აფხაზეთის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ვალდებულიც იყო, რომ ომი აეცილებინა,“ – ეს არის ამონარიდი შავნაბადას ბატალიონის ყოფილი მეთაურის, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ყოფილი უფროსის, აკია ბარბაქაძის ერთი ათეული წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუდან. სხვათა შორის, ამავე ინტერვიუში ბარბაქაძე აფხაზეთის ომის გამოძიებასაც ითხოვს.

„რუსეთმა შეგნებულად გააკეთა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც მაშინ საქართველოში იყო, გადასულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიით შევედით აფხაზეთში და არ გვქონდა გაიგივებული, თუ რას ნიშნავდა ეს ომი, რა უნდა ყოფილიყო ომის საბოლოო შედეგი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველები იქ აფხაზების მოსაკლავად შევიდნენ. აფხაზეთის ომის შეჩერება შეიძლებოდა ყველა ეტაპზე, სანამ სიღრმეში შევიდოდა კონფლიქტი. სამხედროების ბრალეულობა აქ ყველაზე დაბალია…

აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. მაშინ სამხედრო პროკურატურა არსებობდა და საქმის გამომძიებელი ალე შუშანაშვილი იყო, ომის ყველა მონაწილე დაგვკითხა. სხვათა შორის, იყო დაპირისპირებებიც. არსებობს დაკითხვის ოქმები და თუ სურვილი იქნება, არსებობს ჩანაწერებიც. მაშინ, თანამდებობის პირები გამოდიოდნენ პირდაპირ ეთერში, მათ შორის, სოხუმიდან ჩამოსული პარლამენტის წევრები და მოუწოდებდნენ ხალხს, რომ იარაღით ხელში ებრძოლათ. ის ფაქტი, რომ სოხუმსა და ფოთზე ერთდოულად დაიწყო შეტევა, ეს რამეზე მიანიშნებს თუ არა? გნებავთ, ამას შეთქმულების თეორია დაარქვით, გნებავთ – სამოქალაქო ომის დაპირისპირების შედეგი, ფაქტია, რომ ჩვენ მარტო ჩრდილოკავკასიელებსა და აფხაზებთან არ ვომობდით. მაშინ ჩვენ, ქართველი ქართველსაც ვეომებოდით, რუსსაც, აფხაზსაც და კაზაკსაც, მაგრამ მთელი საქართველო არ ომობდა. ვიღაცა ფრონტის ხაზზე იყო, ვიღაცა – დუბაიში. ეს იყო არასწორი ქმედებების ლოგიკური დაბოლოება. 

სოხუმში მეომრების საერთო სასაფლაოა, ამ დრომდე ვერ ადგენენ, ეს სამარხი ქართველებს ეკუთვნით თუ აფხაზებს. მიდის ლაპარაკი, რომ „დნმ“-ის საშუალებით მოხდეს მათი იდენტიფიკაცია. კარგი იქნება, რომ ამ დაუდგენელი მიცვალებული ბიჭების სამარხი ხელუხლებელი დატოვონ და წელიწადში ერთხელ, ქართველ დედებს, ვისაც შინმოუსვლელი შვილი ჰყავს, მიეცეთ საშუალება, ჩავიდნენ და აფხაზ დედებთან ერთად დაიტირონ მიცვალებულები, ეს კი, შეიძლება შერიგების დასაწყისი გახდეს,“ – ამბობდა რამდენიმე წლის წინ აკია ბარბაქაძე.

ზოგადად, თუ კარგად გავაანალიზებთ, ადვილად მივხვდებით, რომ აფხაზეთის ომი კრემლის შემდგომი ბოროტებების ერთგვარი რეპეტიცია იყო. შესაბამისად, დღეს, როცა მსოფლიო ოფიციალური მოსკოვის სამხედრო დანაშაულობებზე საუბრობს, კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ტრაგედიასაც გაიხსენებს და რუსეთის გენერალიტეტს პასუხს ყველაფერ ამისთვისაც მოსთხოვს!

ირაკლი ბიძინაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერი გაიტაცეს – ზაპოროჟიეს გუბერნატორი
შემდეგი სტატიათუ პუტინი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს ნატოსთვის “თამაშის წესებს” შეცვლის – დუდა