აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის და „ნაცმოძრაობის” წევრების შეხვედრა დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს, ასევე მინისტრობის კანდიდატებს შორის ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, კანდიდატებთან ოპოზიციას ბევრი შეკითხვა ჰქონდა, თუ როგორ გეგმავენ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში რეგიონის განვითარებას.

ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კანდიდატებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

„ეს პასუხები ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. საუბარი შეეხო ერთ ლარად გასხვისებულ მიწებს, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს განათლების მიმართულებას. ბიუჯეტში გზების რეაბილიტაცია მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყოს ჩადებული, რომ ამ გზაზე ბიძინა ივანიშვილის ხეები გაატარონ”,- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ იგი მზად არის მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა ხშირად მიიღოს, რომელიც აჭარის რეგიონის განვითარებას ეხება.

“დღეს ფრაქციასთან შეხვედრის ფორმატში მრავალი შეკითხვა დაისვა, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს ეხება. ასევე დაისვა საკითხები, რომელიც ვფიქრობ, რეგიონის მოსახლეობის ინტერესებში არ შედის. გავაგრძელებთ ამ კომუნიკაციას და შეხვედრებს და ყველა მიმდინარე აქტუალური თემა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, არ დარჩება პასუხგაუცემელი”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები სესიის დღის წესრიგზე მუშაობენ. უწყების ცნობით, რიგგარეშე სესია ხვალ გაიმართება, სადაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნას კენჭს უყრიან.

banner
წინა სტატიაში,,გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს”
შემდეგი სტატიაერთი არის პრეზიდენტი, მეორე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რატომ არ უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანნი-ზურაბიშვილი უსუფაშვილის და მარგველაშვილის კონსულტაციაზე