აბაშიძე-კარასინის შეხვედრა: აუცილებლად შევეხები გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს

აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ აუვლის.

“რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატით გათვალისწინებული, გვერდს ვერ ავუვლით გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს.

ავუხსნით რუსულ მხარეს, თუ რამდენად საშიშია ასეთი ვითარება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ სიტუაციას მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. რუსული მხარე ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს დააკისროს, მაგრამ ასე არ გამოვა. უპირველესად, ვითხოვთ დროულ რეაგირებას და დამნაშავის დაკავებას. თუ არ იქნა ზომები სწრაფად მიღებული, რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რამდენად რეალურია, რომ დაკავების შემთხვევაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დეტალებზე ჟენევაში ისაუბრებენ.

“ეს საკითხები ჟენევაში განიხილება დეტალურად. თვის ბოლოს, გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა და იმ შეხვედრაზე კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებენ ამ კონკრეტუილ საქმეზე”, – აღნიშნა სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ზურაბ აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრაზე რუსეთში დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხზე დადებით შედეგს მიიღებენ.

“ჩვენ სპეციფიური, კონკრეტული დღის წესრიგი გვაქვს, წინასწარ შეთანხმებული, რომლის მიხედვითაც გავნიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს. შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემა იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთის საპატიმროებში. მოლაპარაკებების ფარგლებში, უკვე გათავისუფლდა 6 პიროვნება და ველით, რომ უახლოეს ხანში, კიდევ ერთი პიროვნება გათავისუფლდება და დაუბრუნდება საკუთარ ოჯხას. ვეცდებით, ბოლომდე გავიაროთ ეს საკითხი და დავხუროთ ეს თემა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : „ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, მოსახლეობის გადასაწყვეტია”
შემდეგი სტატია23 წლის ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს-დაკავებულის მამა პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს