5 ივლისთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ეს იყო მოვლენა, რომელიც უახლეს ისტორიაში არის საერთოდ „ამოვარდნა“ მდგომარეობიდან – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც „ალტ ინფოს“ აკრძალვას ეხება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხი სასამართლოს განსახილველია და სარჩელის შეტანის შემთხვევაში, გადაწყვეტილებასაც სასამართლო მიიღებს.

„ეს ჩემი განსახილველი საკითხი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს თუკი მიმართავს შესაბამისი სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ მიმართავს იმ სუბიექტებს, რომლებსაც აქვთ ეს უფლებამოსილება. ეს გახლავთ მათ შორის დეპუტატები. ამიტომ, სარჩელს თუ შეიტანენ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მე ამას შინაარსობრივად ვერ განვიხილავ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი მოთხოვნას, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„არ მინდა, შინაარსობრივად შევიდე და რამე დავაკავშირო ან არ დავაკავშირო ერთმანეთთან. ზოგადად, 5 ივლისს რაც შეეხება, ყველამ შეაფასა უკვე და ჩვენი და საზოგადოების დამოკიდებულებაც ცნობილია. ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ, საზოგადოება შეჩვეული ვიყავით. მათ შორის მედია ყოველთვის არის სხვადასხვა მოვლენის ეპიცენტრში და ნამდვილად ამოვარდნა იყო, რომ ამხელა აგრესია იყო გამოხატული ჟურნალისტების მიმართ. ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, დასასჯელიც არის, დასაგმობია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გასააზრებელია ამოვარდნა, რაც ჩვენ 5 ივლისს ვნახეთ. ვცდილობ, არ შევიდე საკონსტიტუციოო სასამართლოს კომპეტენციაში. თუ შეიტანს ვინმე სარჩელს, სასამართლო განიხილავს და ჩვენ ვნახავთ ამ განხილვის პროცესს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დახურა ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვკსში, მარცვლეულის საწყობებში ხანძარი გაჩნდა