მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დახურა ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა

რუსეთის სასამართლომ დახურა ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა. ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ 30 დღის განმავლობაში წყვეტს მუშაობას.

მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოვლენილი დარღვევები და მათი ექსპლუატაციისას ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა გახდა.

„კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ ყაზახური ნავთობის გატანის ძირითადი მარშრუტია, რომელზედაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის. მილსადენის სიმძლავრე 67 მილიონი ტონაა წელიწადში.

როგორც მედია წერს, ყაზახეთს, რომელსაც ნავთობის დიდი მარაგი აქვს, კასპიის ზღვის გარდა არ აქვს ზღვაზე წვდომა და ნავთობის ექსპორტი ძირითადად შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით ხორციელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ომის გამო, ბოლო დროს რუსეთსა და ყაზახეთს შორის უთანხმოება მოხდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავრაუდოა ყაზახეთის მხრიდან ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას მერი ვარ
შემდეგი სტატია5 ივლისთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ეს იყო მოვლენა, რომელიც უახლეს ისტორიაში არის საერთოდ „ამოვარდნა“ მდგომარეობიდან – პაპუაშვილი