36 წელი „სხვა რეალობაში“

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 15:14

36 წელი  „სხვა რეალობაში“

უკვე 36 წელია, რაც სოფიო კვირტია „ჩვენს რეალობაში არ ცხოვრობს“. არავინ იცის, როგორ აღიქვამს იგი სხვა ადამიანებს, რას გრძნობს და რა აწუხებს. სოფიო ნერვული სისტემის დაავადებით დაიბადა და მას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სანამ მამა ცოცხალი იყო, მშობლები უმკლავდებოდნენ შვილის მოვლას, თუმცა ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ, სიტუაცია გართულდა. მანანა – სოფიოს დედა, დარჩა მარტო. იგი ცდილობს არ მოაკლოს ქალიშვილს ყურადღება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსახსრობა არ აძლევს ამის სათანადო საშუალებას.
სოფიოს ქცევა უფრო და უფრო უწონასწორო ხდება და ერთ დღესაც შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს, ამიტომ მას გამუდმებით სჭირდება თვალყურის დევნა! ზოგჯერ ღამით ყვირილით გარბის გარეთ, ხშირად ტკივილისგან ისტერიკაში ვარდება, თუმცა რა აწუხებს, ამის თქმა არ შეუძლია.
დედა-შვილი შეჭირვებულად ცხოვრობენ ერთ პატარა სახლში, სადაც უვარგისი ავეჯი დგას. პენსია და სოციალური დახმარება ძირითადად სოფიოს მედიკამენტებზე იხარჯება. ქალბატონი მანანა ვარიკოზული ვენების გაფართოებით არის დაავადებული, მაგრამ წამლების შესაძენი თანხა არ გააჩნია, არადა მისი მდგომარეობაც სავალალოა. მას ცალი ფეხი მთლიანად აქვს გაშავებული და კოჭლობით დადის.
ჩვენ გავესაუბრეთ ქალბატონ მანანას, რომელმაც გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი:

-როგორ უმკლავდებით მარტო სოფიოს მოვლას?
მანანა: უფლის ნებით! სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ვინაწილებდით საქმეებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მთელი სიმძიმე მე დამაწვა. არ ვწუწუნებ, თუმცა უკვე მართლა მეშინია ხვალინდელი დღის.

– რას გულისხმობთ?
მანანა: სოფიო ვერ ლაპარაკობს, ვერ მიხსნის რა აწუხებს. ვერ ისვენებს და სულ გარეთ გასვლას ითხოვს. მთელი დღე ვადევნებ თვალყურს, რომ რამე არ დაიშავოს, ღამით კი ვყარაულობ. ჩემი ავადმყოფობის გადამკიდე, ჯანმრთელობა საერთოდ აღარ მივარგა და დღითიდღე უარესდება. მე თუ ვეღარ შევძლებ სოფიოს მოვლას, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავა, რადგან მომვლელი არავინ გვეყოლება.

– ვინმე გეხმარებათ?
მანანა: ჩვენს სოფელში ყველა გაჭირვებულია, მაგრამ რით შეუძლიათ, მეზობლები მეხმარებიან. მათ ზოგჯერ საჭმელი მოაქვთ, ზოგჯერ კი წყალი…

– წყლის პრობლემაც გაქვთ?
მანანა: მთელს სოფელს აქვს წყლის პრობლემა. წყალგაყვანილობა არ გვაქვს. ჭით ვსარგებლობთ. ზაფხულში წყალი ჭაში ხშირად შრება, ამიტომ რაიონის ცენტრიდან უწევს ხალხს წყლის მოტანა. მეზობლებს ჩემთვისაც მოაქვთ ხოლმე 1-2 ბოთლი დასალევი წყალი, სარეცხს კი წვიმის წყლით ვრეცხავ…

-ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები თუ გეხმარებიან?
მანანა: წელიწადში ორჯერ მერია წამლებს მცირე თანხით გვიფინანსებს. სოფიოს შეტევის დროს სოფლის ექიმს უფასოდ ვიძახებთ. აგრეთვე, მერია ყოველწლიურად 150 ლარს გამოგვიყოფს ხოლმე შეშისთვის.

– რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?
მანანა: სოციალური დახმარება 100 ლარი და შვილის პენსია 200 ლარი. თანხის ნახევარი საფენებზე მიდის, უწყლობის გამო ხშირად გვიწევს ცვლა. საკვებზე მხოლოდ 100 ლარამდე გვრჩება, რითაც ელემენტარულ პროდუქტებს ვყიდულობთ: პურს, ლობიოს, ათასში ერთხელ ზეთს…

– მანანა, როგორც ჩანს მორწმუნე ქალბატონი ბრძანდებით, არა?
მანანა: 57 წლის ვარ. აქედან 36 წელი უფალს შევთხოვ, რომ მომცეს ძალა, რათა გავუძლო ფიზიკურ და სულიერ ტკივილს. ვლოცულობ ჩემს შვილზე და ყველა ავადმყოფ, გაჭირვებულ ადამიანზე. ცერებრული დამბლა, რითაც არის დაავადებული ჩემი შვილი, განუკურნებელი სენია. ძალიან განვიცდი ჩემს უძლურებას. უკვე აღარ ვოცნებობ შვილის განკურნებაზე. ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. მე მხოლოდ გამძლეობას ვთხოვ ღმერთს და მჯერა, რომ უფალი მოგვივლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც დახმარების ხელს გაგვიწოდებენ.

მეგობრებო, შევიდეთ ამ ადამიანების მდგომარეობაში. დაეხმარეთ მათ! ჩვენ ერთად გვაქვს იმის საშუალება, რომ მათი არსებობა ცხოვრებად ვაქციოთ! ნუ გადადებთ კეთილ საქმეს ხვალისთვის!
სოფიო კვირტია საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს, საოჯახო ნივთებს.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი, გაუწიოთ დახმარება და მისცეთ იმედი. მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი კირცხი, ტელ.: 568014124.
თუ გაქვთ დახმარების სურვილი, მაგრამ არ გაქვთ დრო, რომ მოინახულოთ სოფიო კვირტია, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოფიო კვირტია). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/453-kvirtia/

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 15:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics