მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, ცესკოს გადაწყვეტილებაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით და ელექტრონული წესით არჩევნების რისკებზე ოპოზიციისთვის საუბრობს და აკონკრეტებს, როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული წესი ქართულმა ოცნებამ თავის სასარგებლოდ.
ელექტრონული არჩევნები, რისკები და გამოწვევები
არჩევნებში გამოცდილმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ საარჩევნო პროცესების მანიპულაციისთვის უმთავრესია კენჭისყრის დღეს მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ ინფორმაციის ზუსტმა და დროულმა ფლობამ შესაძლოა სრულად შეატრიალოს და სხვაგვარად გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. კარგად გვახსოვს საარჩევნო უბნებთან ფოტოსურათიანი სიებით ჩასაფრებული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც დეტალურად აღრიცხავდნენ და ოცნების შტაბს უგზავნიდნენ ინფორმაციას მოსული ამომრჩევლის თაობაზე. ცესკოს მიერ შემოთავაზებული ვერსია შეიცავს მრავალ რისკსა და გამოწვევას. ამ მოდელმა შესაძლოა მმართველ პარტიას არსებითად გაუმარტივოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რაც საარჩევნო შედეგებში აისახება.
საარჩევნო უბანზე არსებობს ორი მთავარი ელექტრონული მოწყობილობა, ესენია:
1. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი;
ვერიფიკაციის აპარატმა სრულიად ჩაანაცვლა სამაგიდო სიები. მოსული ამომრჩეველი ID ბარათს ათავსებს ვერიფიკაციის MRZ წამკითხველში და შედეგად ინფორმაცია მოსული ამომრჩევლების თაობაზე აღირიცხება არა ქაღალდის სიებში ხელმოწერის სახით, არამედ ვერიფიკაციის ელექტრონულ აპარატში ციფრულ ფორმატში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსულ ამომრჩეველთა შესახებ დროში მუდმივად განახლებადი, ზუსტი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახება ვერიფიკაციის აპარატის შიდა მეხსიერებაში.
2. ხმის მთვლელი აპარატი.
ხმის მთვლელი აპარატი ოპტიკური სკანირების მეთოდით ასკანერებს თითოეულ ბიულეტენს, ამოიცნობს თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა და ამ ინფორმაციას ინახავს მეხსიერებაში. ხმის მთვლელ აპარატში მთელი დღის განმავლობაში, რეალურ დროში განახლებად რეჟიმში ინახება ინფორმაცია საარჩევნო შედეგების თაობაზე. მაგალითად 12:00 ან 17:00 საათზე აპარატისთვის ცნობილია, თუ იმ დროისთვის რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ქართულ ოცნებას ან სხვა პარტიებს.
ინტერნეტი საარჩევნო უბანზე
ხელისუფლება აქტიურად არეკლამებს ელექტრონულ საარჩევნო აპარატებს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე, გვიმტკიცებდა, რომ აპარატები არ იყო ინტერნეტში ჩართული, ამიტომ შეუძლებელი იყო მათზე რაიმე სახის დისტანციური მანიპულირება, თუმცა რამდენიმე თვის წინ ამ პროცესში ჩნდება ახალი აპარატი, მაღალსიჩქარიან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობა-პლანშეტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ხმის მთვლელი აპარატიდან, მონაცემების ცესკოს სერვერებზე გადაგზავნა.
რისკი #1
ვერიფიკაციის აპარატის შიდა მეხსიერებაში ინახება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა შესახებ განახლებადი და ზუსტი ინფორმაცია.
რისკი #2
ხმის მთვლელი აპარატის შიდა მეხსიერებაში ინახება განახლებადი და ზუსტი ინფორმაცია საარჩევნო შედეგების თაობაზე.
რისკი #3
საარჩევნო უბანზე არსებობს პლანშეტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩართულია ინტერნეტში.
როგორ შეიძლება გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ ეს მონაცემები?
ვინაიდან ინტერნეტში მუდმივად ჩართული მოწყობილობა გაჩნდა საარჩევნო უბანზე, მხოლოდ ვერიფიკაციის აპარატის და ხმის დათვლის აპარატების დაკავშირებაა საჭირო პლანშეტთან იმისათვის, რომ აპარატებში არსებული, არჩევნებში გამარჯვებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფორმაცია გადაიგზავნოს შესაბამის სტრუქტურებში.
როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში მუდმივად ჩართულ პლანშეტს?
აპარატებსა და პლანშეტს შორის კავშირისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მონაცემთა გადაცემის უსადენო სისტემები (Wi-Fi ან Bluetooth), რომელთა აპარატებში
ჩაშენება შესაძლებელია მათი მცირე ზომებიდან და მარტივი მონტაჟიდან გამომდინარე. ჩიპის ზომა საკმაოდ მცირეა, 1-2 სმ და მისი შეძენა ბევრგანაა შესაძლებელი. მაგალითან aliexpress.com-ზე მსგავსი ჩიპი 2$-მდე ღირს.