მესხიშვილი- 1 წელში გზაზე დაღუპულთა რაოდენობა 30 წელში სტიქიაში დაღუპულთა ოდენობაზე მეტია

“მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას,” – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს.

მესხიშვილის თქმით, ანომალიაა, როდესაც ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო.

“დიდი ხანია ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება შავი წერტილების აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ა.შ.

და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას. იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!”, – წერს მესხიშვილი.

მისი თქმით, პრემიერმინისტრი უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი.

“პრემიერმინისტრი ხდება მთავარი ფიგურა საგზაო უსაფრთხოების საკითხში. უნდა განისაზღვროს საგზაო უსაფრთხოების სტრუქტურა – ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომ ქვეყანაში ეს მდგომარეობა გვაქვს. როდესაც ეკონომიკის სამინისტროა საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ეს ანომალიაა.

გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ყოველ წელს 500 დაღუპულზე და ათასობით დასახიჩრებულ ადამიანზე. და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ ავარიაში გარდაიცვალა ეს ცხოვრების ნორმაა, უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი!”, – აცხადებს მესხიშვილი.

შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: მხარს ვუჭერ ხმების დაცვაზე ოპოზიციური პარტიების გაფორმებულ მემორანდუმს