უგულავ-ენმ რეგიონებში თავის კანდიდატებს აყენებს, დანარჩენმა ოპოზიციამ საერთო წარვადგინოთ

region
ავტ.: region ივლისი 27, 2020 15:25

უგულავ-ენმ რეგიონებში თავის კანდიდატებს აყენებს, დანარჩენმა ოპოზიციამ საერთო წარვადგინოთ

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს.

უგულავას თქმით, ენმ-ს გადაწყვეტილება მათი უფლებაა და “არ უნდა შევქმნათ ტრაგედია”. მან მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, “გავააგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში”.

“არსებობს ასეთი ფორმულა, რომ “თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში”. მიგვაჩნია, რომ თუ ენმ-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება და კონკურენცია იქნება რეგიონებში, სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაცია და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი მთავარი მაჟორიტარი, რომელიც ბუნებრივია, კონკურენციაში იქნება მათ შორის ჩვენს კოლეგებთან, ხაზს ვუსვამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, რასაც ვიღებთ მოცემულობად – ეს მათი უფლებაა”. – თქვა უგულავამ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კარს არ უხურავენ და “თუ უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში შეცვლიან გადაწყვეტილებას, შემოგვიერთდნენ”.

“თბილისის შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი, ეს ვნახეთ კვლევებიდანაც, ვხედავთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს უნდა დარჩეს საფუძვლად საერთო ოპოზიციური თანხმობის და კოორდინაციის.

ამავე დროს, ჩვენ არ გვინდა, რომ კარი დავუხუროთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, რადგან დრო არის ძალიან ცოტა და ყველა ვალდებული ვართ, შევასრულოთ, ჩვენი ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნა, რომ შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველგან ოპოზიცია, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ჩვენს კოლეგებსაც, თუ ისინი შეცვლიან გადაწყვეტილებას – უახლოეს პერიოდში შემოგვიერთდნენ, კვლავ გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი.

თუ ეს სურვილი არ ექნებათ, ბუნებრივია, ყველა სხვა დანარჩენი პარტია, ვინც ვთანამშრომლობთ ერთიან ფორმატში, შევჯერდეთ და ასევე უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოს კონკურენცია, იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდეს მათ შორის მეორე ტურში მრავალფეროვანი არჩევანი” – განაცხადა უგულავამ.

region
ავტ.: region ივლისი 27, 2020 15:25