28 ივნისის სპექტაკლი ბოლო იქნება, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება

28 ივნისს ა.გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 163-ე სეზონის ბოლო სპექტაკლს წარადგენს.

მაყურებელს საბალეტო დასი ერთმოქმედებიან ბალეტებს შესთავაზებს. პროგრამაშია ქართულ მელოდიებზე იური პოსოხოვის მიერ დადგმული ბალეტი „საგალობელი“ და თანამედროვეობის გამოჩენილი ქორეოგრაფის ირჟი კილიანის ერთმოქმედებიანი ბალეტები: „ექვსი ცეკვა“, „დაცემული ანგელოზები“ და „პატარა სიკვდილი“.
სპექტაკლი 15:00 საათზე დაიწყება.

163-ე თეატრალურ სეზონზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, 27 სპექტაკლი წარმოადგინა და გასტროლზე იმყოფებოდა ფინეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში. 163-ე სეზონზე აღინიშნა ქართული ბალეტის ლეგენდარული მოცეკვავის ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილე.

28 ივნისს გამართული სპექტაკლი იქნება ბოლო წარმოდგენა, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარეთ გაიმართება. დასი უკვე თეატრის განახლებულ შენობაში დაბრუნდა და შემოდგომაზე, 164-ე თეატრალურ სეზონს საკუთარ სცენაზე გახსნის. პირველი საბალეტო პრემიერა განახლებულ თეატრში დ.თორაძის ბალეტი „გორდა“ იქნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიის მიხედვით ბალეტის აღდგენას ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაერევანში აქცია შეიძლება დღეს დასრულდეს