თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს – შოთა დიღმელაშვილი

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარ ორგანიზატორი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მხარეთა მოლაპარაკებებზე მოძრაობის წევრების არდაშვება ხელისუფლების მცდელობაა, რომ აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს და გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში. ამის შესახებ დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.

ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.

#სირცხვილიას არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს,”- წერს შოთა დიღმელაშვილი.

banner
წინა სტატიაში„შეცვალეს“ წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად შეარჩია ფორმატი, რომლითაც ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი შეუნარჩუნოს