26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია უნდა იცოდეს – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იქნება სურვილი სასამართლო სისტემაზე სასაუბროდ პრეზიდენტს შეხვდეს, ის ამისთვის მზად არის. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერებული გზავნილი ორმაგად სამწუხაროა, რადგან მან სასამართლო სისტემას ბრალი არგუმენტების გარეშე დასდო.

„მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია მას შემდეგ, თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენ ყველანი მზად ვართ ამ კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც თქვა პრეზიდენტმა. ერთი იმის გამო, რომ შინაარსობრივად მისი ბრალდება დაუსაბუთებელი იყო და მეორე – 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია უნდა იცოდეს. აქედან გამომდინარე, ორმაგად სამწუხაროა ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა საზეიმო ღონისძიებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ოპოზიცია რაიმე არგუმენტების გარეშე ბრალს დებს სასამართლო სისტემას, ეს არ არის იმხელა პრობლემა, რადგან ამას მიჩვეულები ვართ, ოპოზიციაა, მაგრამ როდესაც არგუმენტების გარეშე იმავეს იმეორებს პრეზიდენტი, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა
შემდეგი სტატიაომის დანაშაულების გამართლების მინისტრი, ლავროვი ირწმუნება: „არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს“ – ჯანმომ ფსიქიატრიული საბჭო უნდა ჩამოაყალიბოს, სავარაუდოდ, ახალი ვირუსია? – პოდოლიაკი