2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

· აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;

· სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;

· მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;

· მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 დღით 30 აპრილამდე გაახანგძლივა.

ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება
შემდეგი სტატიაკორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა