2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2015 წლის II კვარტალში განხორციელდა 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ და თითქმის 82 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58.5%-ს შეადგენს. მას მოჰყვება საფინანსო სექტორი – 41.4 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა – 29.5 მლნ აშშ დოლარი, უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი და ასე შემდეგ“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2015 წლის II კვარტალში, 2014 წლის II კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირდა. მას მოყვება ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი, სადაც ზრდა არის 83.7%, თუმცა, ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა.

„ასევე, კარგი მონაცემებია 2015 წლის 6 თვის ჯამური მდგომარეობით, რაც მოიცავს პირველ და მეორე კვარტალს. კერძოდ, 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შეადგინა 530 მლნ აშშ დოლარი, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლავთ 2008 წლის შემდეგ“ – აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რომელმაც მთლიანი ინვესტიციების 66,7% შეადგინა. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობის სექტორები და ა.შ.

„აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციები, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. დასაქმება ბიზნეს-სექტორში, 2015 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით, თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი. ეს გახლავთ 12%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, გაზრდილია ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 16%-ით, ბიზნეს-სექტორის გამოშვება გაზრდილია 22,5%-ით, ხოლო ხელფასი ბიზნეს-სექტორში გაზრდილია 10%-ით და შეადგენს 942 ლარზე მეტს“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს ახალი ავტომობილი ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა (ფოტო)
შემდეგი სტატიაქალაქ ჯვარში წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის საშიშია!