17-18 მარტს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 31-ე რაუნდი გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე – მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ჯგუფის სხდომაზე ქართული მხარე ასევე დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებების შელახვის, გადაადგილების თავისუფლების, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის და შექმნილი კრიმინალურ მდგომარეობის საკითხებს.

მეორე სამუშაო ჯგუფში ქართული დელეგაციის წევრები ასევე, გეგმავენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხების განხილვას.

დისკუსიების 31-ე რაუნდზე ორივე სამუშაო ჯგუფში ქართული მხარე ერთ-ერთ მთავარ საკითხად რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს უკვე გაფორმებულ და 18 მარტს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის დაგეგმილი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას დააყენებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

ქართული დელეგაცია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

banner
წინა სტატიაშიევგენი პრიმაკოვი: რუსეთმა ყირიმი და დონბასი უკრაინის ტერიტორიად უნდა აღიაროს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელეს