„13 მაისის 35 წლის იუბილე“- საიუბილეო წიგნი თბილისის ,,დინამო

თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა 160-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა – „13 მაისის 35 წლის იუბილე“. წიგნის ავტორ-შემდგენელი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

13 მაისის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი პირობითად 35 ნაწილისგან შედგება – 34 წერილი და სტატისტიკური ბლოკი, რომელიც თან ერთვის თითოეულ მეტოქესთან მატჩების ამსახველ წერილს.

წიგნში თასების თასის მოგების შესახებ ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საუკეთესო წერილებია თავმოყრილი, რომელთა ავტორები ცნობილი ქართველი მწერლები, პუბლიცისტები და საფეხბურთო ჟურნალისტები არიან: ილია ბაბუნაშვილი, გიო ახვლედიანი, ირაკლი ბერიაშვილი, დათო ტურაშვილი, ბიძინა მაყაშვილი, დავით კაკაბაძე, კობა ინასარიძე, პაატა კვანტალიანი, მამუკა კვანტალიანი, კონსტანტინე გოგიშვილი. გამოცემაში შესულია ნაწყვეტები კოტე მახარაძის და დემიკო ლოლაძის წიგნებიდან.

გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული – წიგნში თასების თასის 1980-1981 წლების გათამაშებასთან დაკავშირებული ასზე მეტი ფოტოა თავმოყრილი, ასევე ფეხბურთელთა პირად არქივებში დაცული ფოტოები და კერძო კოლექციონერების საფეხბურთო პროგრამები.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-სთვის პრობლემების შექმნით, “ოცნებას” წინასაარჩევნოდ უკანონო უპირატესობების მოპოვება სურს”
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო ლოტის შეხვდა