აშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. 2016 წლის შემოდგომაზე რეზოლუციას კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, დოკუმენტი საბოლოო სახით დამტკიცდება.

რეზოლუციის ინიციატორები საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ტედ პო და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიციირებული.

პროექტს თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს “სტიმსონის დოქტრინის” სახელით ცნობილ აშშ-ის პოლიტიკას, არ აღიაროს ძალის გამოყენების შედეგად განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

წარმომადგებელთა პალატა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებემ მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებთან, მათ შორის ძალის გამოუყენებლობასთან, დაკავშირებით პროგრესის მიღწევის, ასევე ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. კონგრესმენები საჭირო მიიჩნევენ აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

წარმომადგენელთა პალატის წევრები ადასტურებენ, რომ “თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის, რადგან ეს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს”.

banner
წინა სტატიაშიეკლესიას ტრაქტორები, გუთნები, კულტივატორები, სათესი და სათიბელა გადაეცა
შემდეგი სტატიასაპატრიარქომ ორ წელიწადში ბიუჯეტიდან 63 173 299 ლარი მიიღო