საპატრიარქომ ორ წელიწადში ბიუჯეტიდან 63 173 299 ლარი მიიღო

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2014-2015 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 63 173 299 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC)“ და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ერთობლივ კვლევაში ნათქვამია. კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი ორივე წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გაიცა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მართლმადიდებელ ეკლესიაზე მოდის.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2014-2015 წლებში, ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 51 228 170.13 ლარიდან, თანხის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომელთა ხელფასს, პრემიებს, ჰონორარებსა და მსგავსი სახის მიზნობრიობას მოხმარდა, მეორე ნაწილი უძრავ-მოძრავი ნივთების შეძენასა და მათ მოვლა-პატრონობას, დანარჩენი თანხა კი ძირითადად არაკლასიფიცირებული დანიშნულებით გაიხარჯა.

კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ოდენობის მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

„მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წელს 969 000 ლარი, 2013 წელს 270 000 ლარი, 2014 წელს 1 542 000 ლარი, 2015 წელს კი 1 590 000 ლარი მიიღო. 2014-2015 წლებში მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 3 132 000 ლარი გამოეყო, რომლის 100% რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას მოხმარდა, რაც, თავის მხრივ, რელიგიური განათლების განმახორციელებელი სუბიექტების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მიუთითებს და არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონების მასშტაბის შესამჩნევი ზრდა. 2014-2015 წლებში ეკლესიამ სახელმწიფოსგან 48 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 913 546,922 კვ.მ.), მუნიციპალიტეტებიდან კი 18 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 65,837) მიიღო საკუთრებაში.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიურ საქმიანობას ხმარდება და არღვევს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნას. სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს საპატრიარქოსთვის უძრავი და მოძრავი ქონების, თუ ფინანსური სახსრების გადაცემის საჭიროებას და შემდგომში ამ სახსრების გამოყენების მიზნობრიობას; კვლევის ფარგლებში განხორციელდა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სრული მასშტაბის შესწავლა“, – ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მეტრი (1674.3 ჰა).

„მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება თვითმართველი ქალაქი მცხეთის მთლიან ფართობს. საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში რეგისტრირებული 565 მიწის ნაკვეთიდან 243-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემული რამდენიმე უძრავ ნივთს მოგების მიღების მიზნით იჯარით გასცემს“,- ნათქვამია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანმა კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა