ცხოველთა დამცველების პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს

მსხვერპლშეწირვა

11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ საიტზე მოქალაქეებმა გადააგზავნეს პეტიცია, რომელშიც მოითხოვენ რელიგიურ ნიადაგზე ცხოველთა მსხვერპლშეწირვის კანონით აკრძალვას. პეტიციას 20 000 – ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მისი ავტორები ასევე ითხოვენ ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენას ზოგადად ქვეყანაში ცხოველთა უფლებების დაცვის პრობლემებზე, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია დღესდღეობით. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ამ სისხლიანი რიტუალის მავნე ზემოქმედება მოზარდების ფსიქიკაზე, რასაც ფსიქოლოგები ადასტურებენ. ნებისმიერი ძალადობა, მკვლელობა და სისასტიკე ცხოველის მიმართ პოტენციურად წარმოქმნის ძალადობისკენ მიდრეკილ ადამიანს, რაც საზოგადოებისთვის საშიშ ტენდენციებს შეიცავს.
აღნიშნულ პეტიციას რა თქმა უნდა ცხოველთა მოყვარულები და ცხოველთა უფლებადამცველებიც ვუერთდებით. მიგვაჩნია, რომ ეს ცხოველების პრობლემა უკვე აღარ არის, ეს საზოგადოების პრობლემაა, რადგანაც ფსიქოლოგიური ზიანი ადგებათ ადამიანებს. ალბათ სრულად ვერც ვაცნობიერებთ რამდენად ნეგატიური ზეგავლენა აქვს მსგავს ფაქტებს მოსახლეობის ფსიქიკაზე. ვფიქრობთ ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს მსგავს არაჰუმანურ მოვლენებს, რადგან ასეთი რამ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აღარ ხდება. თუ გვინდა განვითარება და ევროპულ ოჯახთან სრულუფლებიანი წევრობა აუცილებელია ხელისუფლება ჰუმანიზმის, ტოლერანტობის, მაღალი ზნეობრივი ფასეულობების წამახალისებელი და დამნერგავი იყოს ასევე ცხოველთა უფლებების სფეროშიც, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია.
ვფიქრობთ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და დაიწყოს საინფორმაციო საშუალებებით ზემოქმედება საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. უნდა ჩატარდეს სპეციალური ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, მედია საშუალებებით თუ საგანმანათლებლო კუთხით. აუცილებელია სკოლებში დაინერგოს ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის გაკვეთილები. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტური სწორედ ეს მეთოდებია. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციატივას და მუშაობის პროცესს თან უნდა სდევდეს აღნიშნული ღონისძიებები, რათა კანონი ხალხს გაცნობიერებული და მენტალურად მიღებული ჰქონდეს.
ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უყურადღებოდ არ დარჩება ეს პეტიცია და საპასუხო წერილს მივიღებთ.

გთავაზობთ პეტიციის სრულ ტექსტს:
გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ უზომო სისასტიკის გამო, რომლითაც ეპყრობიან ცხოველებს კულტურისა და რელიგიის სახელით საქართველოში, კერძოდ კი ცხოველთა რიტუალური მკვლელობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ქადაგებს, რომ ცხოველთა რიტუალური მსხვერპლშეწირვა არ უნდა იქნეს აღსრულებული, ის კვლავ მასობრივად აღესრულება სრულიად საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა განაგრძობს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, ამართლებს რა თავის ქმედებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ საჭიროა ძველი ტრადიციების დაცვა.
დღესდღეობით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არანაირი კანონი ან რეგულაცია, რომელიც დაიცავდა სამსხვერპლოზე მიყვანილი ცხოველების თუნდაც ფუნდამენტალურ უფლებებს. ასე მაგალითად, ყოველწლიურად ლომისობის დღესასწაულზე ხდება ცხოველების (როგორიცაა ცხვარი და სხვა) მასობრივი მკვლელობები, უაღრესად სასტიკი მეთოდებით. ხალხს სწამს, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვით თავიდან აიცილებენ ავადმყოფობებს და უზრუნველყოფენ საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობას. მსხვერპლშეწირვის დროს ხდება ასობით ცხვრის, ხბოს და ფრინველის მკვლელობა მრავალი ადამიანის თვალწინ, მათ შორის ბავშვებისაც (იხილეთ ფოტო), რაც ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია.
ვერავინ უძებნის მსგავს მსხვერპლშეწირვებს, რომლებიც წლების მანძილზე აღესრულება, ადეკვატურ ახსნას, გარდა იმისა, რომ ეს არის “ტრადიცია” და თუ ხალხი ცხოველთა მსხვერპლშეწირვას შეწყვეტს მათ და მათ ოჯახებს ცუდი იღბალი დაემუქრებათ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკურ არგუმენტად ოცდამეერთე საუკუნეში, რამეთუ საქართველომ გაიაზრა რა არაკეთილსასურველი შედეგები, წარსულში უკვე აღმოფხვრა რიგი დრომოჭმული ტრადიციებისა.
პეტიცია
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, აღკვეთოს ყოველგვარი ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მსხვერპლშეწირვა არის ცხოველებისადმი უაღრესად სასტიკი მოპყრობა. საწინააღმდეგოდ გავრცელებული აზრისა, ცხოველები უზომოდ იტანჯებიან მსხვერპლშეწირვის პროცესამდე და მის განმავლობაშიც. ისინი შეიძლება დაზიანდნენ ტრანსპორტირებისას და ხშირ შემთხვევაში ხდება მათთვის ცოცხლად ყელის გამოჭრა არაპროფესიონალი ადამიანების მიერ, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებან დაუდევრად და ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე.

2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად (არ არის საჭირო). ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, უკვე ცნობილია, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს რიგ ადამიანებს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.

3. ცხოველთა მსგავსი სისხლიანი მსხვერპლშეწირვები ხელისშემშლელია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ასე საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვებს არასასიკეთო გავლენა აქვს ტურიზმზე მსოფლიო მასშტაბით. უცხოელი ტურისტები, რომლებიც შეესწრებიან და შეიტყობენ მსგავსი რიტუალების შესახებ საქართველოში, ტოვებენ ქვეყანას გაურკვეველ და დეპრესიულ მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ ნასიამოვნები ქვეყნის სილამაზითა და მეგობრულობით. აბღავლებული ცხვრისა და ხბოს დეკაპიტაცია (თავმოკვეთა) არ უნდა იყოს ქვეყნის სიმბოლო. მსგავსი სისხლიანი რიტუალები არის შემზარავი, ბარბაროსული, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და სასტიკი და მათი ადგილი არ არის ოცდამეერთე საუკუნეში.

ჩვენ უმორჩილესად გთხოვთ, აკრძალოთ ცხოველთა მსხვერპლშეწირვები საქართველოში, რაც დაეხმარება ქვეყანას მისი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებასა და ნამდვილად ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეს შეიძლება გაკეთდეს აგრერიგად საჭირო კანონმდებლობის მიღებით და მისი შემდგომში აღსრულებით, რათა შეწყდეს სისასტიკე ცხოველების მიმართ და ასევე, ცხოველთა ჭეშმარიტი კეთილდღეობის პროგრამების დანერგვით ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ და განახორციელებთ აღნიშნულ ინიციატივებს (რომლებიც ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში) და ხელს შეუწყობთ არაძალადობრივი კულტურული ტრადიციების დანერგვას საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი , იგივე „დავით სვანი“ აიყვანეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაგარეჯოს რაიონში არჩევნები დარღვევებით დაიწყო