ჩიორა თაქთაქიშვილი – საპროკურორო საბჭო მხოლოდ ფიქცია იქნება

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, საპროკურორო საბჭო, რომლის შექმნაც პროკურატურის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში უნდა მოხდეს, მხოლოდ ფიქციაა.
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ამას ადასტურებს ისიც, რომ საპროკურორო საბჭოს საკუთარი აპარატი არ ეყოლება და ტექნიკურ-მატერიალურად და ადამიანური რესურსით იუსტიციის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული.
“საპროკურორი საბჭოს საკუთარი აპარატი არ ეყოლება. როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, თურმე საპროკურორო საბჭოს იუსტიციის სამინისტროს საშტატო თანამშრომლები უნდა მოემსახურონ. სამინისტროს კანცელარია დაარეგისტრირებს და გაატარებს წერილებს, რომელიც საპროკურორო საბჭოში შევა. თუკი მათ პრინტერი და მელანი დასჭირდებათ, ამასაც სამინისტროს სამეურნეო სამსახური გამოყოფს. ნაცვლად იმისა, რომ საბჭო კანონიდან გამომდინარე, საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანო იყოს, ეს ასე არ იქნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩანაწერი, რომ საპროკურორო საბჭო სამინისტროსთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოა, არის ფიქცია, ისევე, როგორც ფიქციაა მთელი კანონპროექტი. კანონში არის ჩანაწერი, რომ საბჭოს თავისი ვებ-გვერდი გააჩნია. ამ ვებ-გვერდს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური მოემსახურება, რომელიც თავად გადაწყვეტს, რა ინფორმაცია განათავოს და რა – დაბლოკოს”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით – მუხლობრივად იხილავენ.
როგორც თაქთაქიშვილის პასუხად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობა კანონით უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო ცუდი არაფერია იმაში, თუკი სამდივნოს ფუნქციას იუსტიციის სამინისტრო გასწევს და ამისთვის ისედაც შეზღუდული სახელმწიფო რესურსი არ გაიფლანგება.
“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი სიახლე იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს შექმნაა.
საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა: კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoC) პროკურორის დანიშვნა; მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო პროკურორის დასკვნის დამტკიცება და კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის ანგარიშის მოსმენა და სხვა ფუნქციების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილე აბიტურიენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროში ვაკანსიები გამოცხადდა