შსს-ს ცალკე უწყებად იარსებებს, ხოლო ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნება

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

პარლამენტიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფა იგეგმება–ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, შსს-ს ცალკე უწყებად იარსებებს, ხოლო ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნება.

„ახლო მომავალში იგეგმება სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ღარიბაშვილის განმარტებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე, სპეციფიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა დაეკისრება.

„ჩვენი პრიორიტეტი პოლიციის საქმიანობის არსებული სტანდარტების შემდგომი დახვეწაა. ამ მიმართულებით სამინისტრო ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ძალადობის ფაქტების შემცირება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაა. დაიხვეწება პოლიციელთა მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიის სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიასთან გათანაბრებას უზრუნველყოფს.

პრემიერის განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, კანონპროექტი მისი ოჯახისთვის ერთჯერადად, 100 ათასი ლარის, ყოველთვიურად კი – 1000 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს.მთავრობის მეთაურმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ყურადღება უწყებაში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა,როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის მასშტაბური პროგრამა მოქმედებს. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რვაჯერ შემცირდა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა.

მისივე თქმით, გაიხსნა განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ივანიშვილის მარიონეტი ღარიბაშვილი ცრუობს
შემდეგი სტატიარუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში