,,გვაქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს მთავარ პროკურატურას”

დღეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა , რომლის ფარგლებშიც საპროკურორო საბჭოს 8 წევრის არჩევა უნდა მოხდეს.
როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, მოხარულია, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის და უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს სწორედ მისი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი.
“დღევანდელი კონფერენციის მიზანია პროკურატურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ჩავატაროთ კონფერენცია. კონფერენცია, როგორც ცნობილია უფლებამოსილია აირჩიოს საპროკურორო საბჭოს წევრები. შესაბამისად, დღეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოხარული ვარ, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის და უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს სწორედ ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი. მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ისტორიული მოვლენის აქტიური მონაწილეები. პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ასევე პირველად გვეძლევა შესაძლებობა, ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს წევრები”, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურორი დარწმუნებულია, რომ საპროკურორო საბჭოში მოხდება ღირსეულთა შორის ღირსეული 8 კანდიდატის არჩევა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ საბჭოში ავირჩევთ ღირსეულთა შორის ღირსეულ 8 კანდიდატს, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს მიიღებს მთავარი პროკურორის არჩევაში. სწორედ ეს პროცესი იქნება მყარი საფუძველი უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პროკურატურის ფორმირებისთვის. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ პროკურატურის სიძლიერე სწორედ ყველა პროკურორსა და გამომძიებელშია. ხოლო არჩეული მთავარი პროკურორი, რომელიც შემდეგი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროკურატურას, დარწმუნებული ვარ იქნება სტაბილურობის, კანონის და ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის გარანტი”, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში“თბილისი მოლში” განგაში გამოცხადდა
შემდეგი სტატია“აპრიორი არ ვენდობით მოსამართლე ურთმელიძის არც ერთ გადაწყვეტილებას”