ქართული დროშა – ცხინვალის ე.წ. საგამოძიებო ორგანოების ნივთმტკიცება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს ერგნეთში. მოლაპარაკების მთავარი თემა ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება და ადგილზე დაწესებული შეზღუდვებია. ქართული მხარე 2 მთავარ საკითხს დააყენებს – ეს არის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგება და სოფელ კნოლევში ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის ბედი.

განსახილველ საკითხებს კიდევ ერთი საკითხი – სახელმწიფო დროშის გადმოცემა დაემატა, რომელიც ცხინვალის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ მოხსნა, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი იყო დამონტაჟებული. ქართული მხარის ინფორმაციით, დეფაქტო ხელისუფლება დროშას ქართულ მხარეს გადასცემს. როგორც ცხინვალის წარმომადგენლის საუბრიდან ჩანს, ცხინვალი საქართველოს სახელმწიფო დროშის დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

„საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. დროშაც და სხვა აღმოჩენილი პროკლამაციებიც საქმეში მტკიცებულების სახით იქნება წარდგენილი,“ – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოევმა.

ცხინვალის წარმომადგენლები ერთი კვირის წინ სოფელ ხურვალეთთან მომხდარ ფაქტს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ.

შეხვედრას ესწრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაში„მოვითხოვთ, აიკრძალოს საქართველოში მამათმავლობის პროპაგანდა“
შემდეგი სტატიაპოლიციამ Uniqlo-ში სექსის გამო 5 ადამიანი დააკავა