ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას biletebi.ge-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას biletebi.ge-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს.
როგორც ფედერაციის პრესსამსახურში აცხადებენ, biletebi.ge ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ და ბილეთებს დროულად და ეფექტურად ვერ ყიდის.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ უეფასთან უკვე შედგა კომუნიკაცია და ფედერაციამ მიმართა წინადადებით, რომ ბილეთების გაყიდვა ამ ორგანომ გააგრძელოს.
“ფაქტია, რომ biletebi.ge-ს უკვე მეორე შანსი მიეცა და მიუხედავად ამისა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ საიტს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის უფლება შეუჩერდება და ამ უფლებას ფედერაცია გადაიბარებს. ეს პირველ რიგში აუცილებელია იმისთვის, რომ გულშემატკივართა ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული”, – აცხადებენ ფედერაციაში.
სფფ-ში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ თუ რა ფორმით მოახდენს უფლების მინიჭების შემთხვევაში ფედერაცია ბილეთების გაყიდვას – იქნება ეს ონლაინ რეჟიმში, თუ სხვა საშუალებით. პრესსამსახური ვარაუდობს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ამასთან, ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც ბილეთი უკვე შეიძინა, ბილეთი შეუნარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთების გაყიდვა გაურკვეველი დროით შეწყდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა