„სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს 40 მილიონი ლარი არ ჰყოფნის“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ხარჯები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დათვლილი.

მინისტრის განმარტებით, ზარალი გაცილებით მასშტაბურია და მას 40 მილიონი ლარი არ ეყოფა.

„ვფიქრობდით, რომ 40 მილიონი ლარი საკმარისი იქნებოდა, თუმცა ამ თანხაში ვერ ვეტევით. ზარალი გაცილებით მასშტაბურია. დონორებთან იმასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომ ან ახალი დაფინანსება მივიღოთ, ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა“, – განაცხადა ხადურმა.

მისივე განმარტებით, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება და სამინისტროს ყველა მანქანა გაჩერებული იქნება.

„იმოძრავებს მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული მანქანები და ვთხოვ მოსახლეობას, თუ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, თავი შეიკავონ მანქანით გადაადგილებისგან. ასევე, გეტყვით, რომ გახსნილია ანგარიში, სადაც მოსახლეობას თანხის გადარიცხვა შეუძლია. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 100 000 ლარი შეაგროვეს და ამ ანგარიშზე გადარიცხეს“, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიაჯუნა დავითაშვილის დასაფლავება უცნაური მოვლენების ფონზე