“სტიქია ხელისუფლებისათვის მაშველი რგოლი ვერ გახდება”

 

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, სტიქიის გამო აღებული ტაიმ-აუტი შეწყვიტა და ხელისუფლებაზე ზეწოლის გეგმებზე მუშაობა განაახლა.

ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა „დემოკრატიული მოძრაობიდან“ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მათ 2 კვირიანი ტაიმაუტი აიღეს სტიქიის გამო და შეაჩერეს კონსულტაციები, თუმცა მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტიქია ხელისუფლებისათვის მუდმივად მაშველი რგოლი იქნება.

„დღეს ინტერპარტიული ჯგუფის სხდომაზე გადაწყდა, რომ განახლდეს ხელისუფლების მიმართ იძულებითი ფორმების გამოყენება, რაც გულისხმობს პარლამენტის და საკრებულოების სხდომების ბოიკოტირებას, ასევე მზადება შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისათვის. სტიქია ხელისუფლებისათვის მაშველი რგოლი ვერ გახდება“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისი თქმით, სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე მომწერი სუბიექტები გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ ყველა შესაძლებლობას ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად, რათა „ქართული ოცნება“ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მაღალი პოლიტიკური კონსესუსით იქნას მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს არსებული ერთმანდატიანი მაჟორირტარული ოლქები სამხარეო პროპორციული საარჩევნო სისტემით შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულო სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს
შემდეგი სტატიაპარლამენტში ეროვნული ბანკიდან „საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ გამოყოფის თაობაზე მსჯელობენ