სოზარ სუბარი: რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ

რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა ბრიფინგი ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში განთავსებულ პირთა საპროტესტო აქციის პარალელურად გამართა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა სამინისტროს 2014 წელს გადაეცა, რათა იქ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მოხდეს. მინისტრის თქმით, 160 დევნილი ოჯახი უმძიმეს პირობებში, ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. სოზარ სუბარმა დასძინა, რომ სამინისტრო ვერ ახერხებს მათ გადაყვანას ისნის ჰოსპიტალში იმის გამო, რომ იქ მყოფი პირები ამის საშუალებას არ აძლევენ.
“თავის დროზე ეს შენობა არ დაცალეს, პოლიტიკურმა ძალებმა მას ხელი შეუშალეს, იქ იყო ხანძარი და უდანაშაულო ბავშვი შეეწირა. მერია მზად არის სოციალურად დაუცველი თბილისელები ქირით გაიყვანონ მანამ სანამ მუდმივი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან მათ 140 დევნილი ოჯახი ქირით გაიყვანეს, თუმცა დღეისთვის სამინისტრო მხოლოდ 80-მდე ოჯახს უხდის ქირას. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამის მიზეზი აღმოჩნდა აღნიშნული ოჯახებისათვის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ქონება. მინისტრის განცხადებით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 25 000 ლარი ისნის ჰოსპიტალიდან გაყვანილი 80 ოჯახის ქირისთვის იხარჯება. სუბარმა ასევე დასძინა, რომ მერია იმ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი გააჩნიათ და თბილისში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ბინის მიღება შეძლონ, არ დაეხმარება.
“რამდენი მიტინგი არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, ცდილობდნენ თბილად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გაეყვანათ შენობიდან იქ დარჩენილი პირები, თუმცა ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად. მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა შენობაში მყოფი პირებისაგან, დაცალონ ფართები.
შენობის გარეთ კი ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მყოფი პირები იმყოფებიან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ისმოდა შეძახილები “გამოდი, სოზარ” და მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციას ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებული დევნილები მართავდნენ. მათ ადგილობრივი დაცვის კორდონი გაარღვიეს და სამინისტროში შეაღწიეს, ამის გამო პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს.
შეკრებილები ითხოვდნენ,  შეწყდეს მათი გამოსახლების პროცესი და ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილონ.
აქციის მონაწილეები შემდეგი აქციის გამართვას ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშივეტოს დაძლევის შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატები” “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიაარაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს