საქართველო “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან” თანამშრომლობას აფართოებს

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” დირექტორს გლობალურ ურთიერთობებში მარკოს ბონტურს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. OECD და საქართველო, მრავალი წელია, თანამშრომლობენ. ჩვენ გავეცანით მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს და ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე – საჯარო მმართველობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ახსენა სხვა სფეროებიც, რომლებიც პრიორიტეტულია და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და გადასახადები“, – განაცხადა OECD-ის დირექტორმა გლობალურ ურთიერთობებში, მარკოს ბონტურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელი ანტონიო სომა, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის პროექტების მენეჯერი დანიელ ქუადბექი, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ეკონომისტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ფრანჩესკო ალფონსო; ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, OECD საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი ყველა იმ პრინციპს მოიცავს, რომლებიც ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაშია მოხსენებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. OECD-ის ექსპერტები მუშაობენ მთავრობებთან, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, ანალიზს უკეთებენ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ სამომავლო ტენდენციები, ასევე, ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში. ფაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მთავრობებს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო ზონის შემცირებას გეგმავს