საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი N646).
მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ პარალელურად რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ 9 თვეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Šებალჯ ვ. ჩროატია, განცხადების ნომერი – 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი), რომლითაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ბრალდებულისთვის კანონით განსაზღვრული პატიმრობის ვადის გაგრძელება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ბრალდებულისათვის პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან გამომდიანრე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდების საფუძვლიანობაში, და ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არსებობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,გიგის პატიმრობაში გაჩერება თუნდაც ერთი საათით არის სისხლის სამართლის დანაშაული”
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას პასუხობს